„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეოგადაღების თაობაზე კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს და განცხადებას ავრცელებს:
„სამართლიანი არჩევნები“ გამოხატავს შეშფოთებას ცესკოს მიერ კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეოგადაღების შესახებ მიღებულ 2012 წლის 24 სექტემბრის #42/2012 დადგენილებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ იგი უკანონოდ ზღუდავს საარჩევნო კოდექსით გარანტირებულ დაკვირვების უფლების განხორციელების შესაძლებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დადგენილება მიიღოს ისეთ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, ამასთანავე, დადგენილებით მიღებული საარჩევნო პროცედურები არ უნდა შეიცავდნენ კოდექსისგან განსხვავებულ, ან ახალ ნორმას.
ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება არა მარტო აწესებს ახალ საარჩევნო პროცედურებს, არამედ ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კანონმდებლობისგან განსხვავებული, უფლებაშემზღუდველი რეგულაციები შემოაქვს. კერძოდ:
საარჩევნო კოდექსი დამკვირვებლებს უფლებას ანიჭებს, კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. ამასთანავე, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე აწარმოონ ფოტო და ვიდეოგადაღება.
წარმოდგენილი დადგენილება კი უკანონოდ ზღუდავს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის შესაძლებლობას, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს შეუზღუდავად და დაბრკოლების შექმნის გარეშე ისარგებლონ საარჩევნო კოდექსით გარანტირებული უფლებებით. კერძოდ, დადგენილება სრულიად უკანონოდ ზღუდავს დაკვირვების უფლების განხორციელებას და აწესებს, რომ „თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, კამერით გადაადგილდება, ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტო და ვიდეოგადაღების უფლებას.“
დადგენილება თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს საარჩევნო კოდექსით გარანტირებული ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების შემზღუდველ სამართლებრივ აქტს. ეს შეზღუდვა ასევე გამოიხატება დადგენილების იმ ნორმებში, რომლებიც ადგენენ კენჭისყრის შენობაში სპეციალური ადგილის გამოყოფის საჭიროებას, ამასთანავე, აწესებენ გადაღების სუბიქტიდან დაშორების მანძილს. აღნიშნული რეგულაციები ეჭქვეშ აყენებს საარჩევნო პროცედურების დარღვევების სათანადო გამოვლენისა და აღბეჭდვის შესაძლებლობას.
მიგვაჩნია, რომ ცესკოს დადგენილებით უკიდურესად ვიწროვდება აკრედიტირებული პირებისთვის საარჩევნო კოდექსით დადგენილი გარანტიები, აწარმოონ კენჭისყრის პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღება. დადგენილების დებულებები ცალსახად ზღუდავს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეოგადაღების უფლებას, რაც შეუძლებელს გახდის კენჭისყრის დღეს დარღვევების სათანადოდ დაფიქსირების შესაძლებლობას და რაც არ ემსახურება საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს, ფლობდეს სრულ და ობიექტურ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესების შესახებ.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის შემოდგომაზე ინიცირებული ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი, ძველისგან განსხვავებით, აღარ ითვალისწინებდა დამკვირვებლების შესაძლებლობას, საარჩევნო უბანზე ეწარმოებინათ ფოტო და ვიდეოგადაღება. კანონპროექტის ინიციატორების მიერ განიხილებოდა ასევე ფოტო და ვიდეოგადაღების აღდგენის საკითხიც, თუმცა, გარკვეული შეზღუდვების დაწესებით. მიუხედავად აღნიშნულისა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების აქტიურობის შედეგად, კანონპროექტის ინიციატორებთან თანამშორმლობის გზით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ნორმის საარჩევნო კოდექსში დაბრუნების თაობაზე, რაც სამოქალაქო სექტორის მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდა. შესაბამისად, 24 სექტემბერს, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება წინააღმდეგობაში მოდის ასევე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ნებასთან, დამკვირვებლებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების შეუზღუდავ რეჟიმში მინიჭების თაობაზე.
„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.”- ნათქვამია განცხადებაში.