დღეს, 15 დეკემბერს, საპატრიარქოში გაიმართა ტრილოგიის “ნათელი ქრისტესი საქართველო” მესამე ტომის პრეზენტაცია, რომლითაც დასრულდა 16-წლიანი მუშაობა სამტომეულზე.
ტრილოგიის ერთ-ერთი ავტორისა და მთავარი რედაქტორის, ნესტან კირთაძის თქმით, წიგნი შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას და მასში შესულია ხელნაწერები და ფოტომასალა.
ნესტან კირთაძის თქმით, წიგნი არის “მონუმენტური ძეგლი-მატიანე”, რომელმაც ქართულ და არაქართულენოვან მკითხველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც არის ქრისტიანული ქვეყანა, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი.
ნესტან კირთაძის თქმით, იდეის ავტორი ილია მეორეა, ხოლო წიგნზე მუშაობა 2000 წელს, 16 წლის წინ დაიწყო. ტირაჟი არის 500 ცალი. მესამე ტომის გამოცემა საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფინანსა და გამომცემლობა “სეზანში” დაიბეჭდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ, რომელიც ესწრებოდა პრეზენტაციას, განაცხადა, რომ ეს სამტომეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტელექტს და პოტენციალს გამოხატავს.