საჯარო უწყებების ნაწილში რეორგანიზაცია უკვე გამოცხადდა. სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს უკვე ცნობილი იქნება, რამდენი შტატით შეამცირებენ საბიუჯეტო ორგანიზაციები თანამშრომლების რაოდენობას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, წარმოადგინოს ერთიანი ხედვა საბიუჯეტო სახსრების შემცირების ძირითადი მიმართულებებისა და კრიტერიუმების შესახებ.
მთავრობას ასეთი ხედვა ჯერ არ წამოუდგენია და საჯარო უწყებების ნაწილში, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ჯერ ისიც არ იციან, რამდენი შტატის გაუქმება მოუწევთ.
ცვლილებები შეეხება როგორც სამინისტროებს, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობებს.
იუსტიციის სამინისტრო 200-მდე თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი ზოგიერთ დეპარტამენტში უკვე გამოცხადებული ვაკანსიების გაუქმებას აპირებს. მაგალითად, გაუქმდება გამომძიებლების ვაკანსიები იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.
“რაც შეეხება ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, ჩვენ ვართ, პროკურატურის მიღმა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, დაახლოებით 5500 საჯარო მოხელე, და არ არის გამორიცხული, რომ ამათგან 200-მდე ადამიანი, შეიძლება ნაკლებიც, სხვადასხვა სსიპ-ებიდან მოყვნენ რეორგანიზაციაში, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და როცა დაიწყება, რა თქმა უნდა, პროცესი იქნება გამჭვირვალე,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
რეორგანიზაცია მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროშიც. პრესსამსახურის ცნობით, უქმდება საინვესტიციო სააგენტო და ეკონომიკური საბჭო, რომელთა ფუნქციებსაც სამინისტრო მთლიანად შეითავსებს. სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, თეა რუსიტაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 20-მდე ადამიანი უკვე შემცირებულია.
“რაც შეეხება სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს – სსიპ-ებს და დაქვემდებარებულ შპს-ებს, ოპტიმიზაციის პროცესი ყველგან მიმდინარეობს,”- აცნობეს ნეტგაზეთს ეკონომიკის სამინისტროდან.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მუშაობა ახლა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მეტი არაფერი იციან.
სამინისტროდან სხვადასხვა რანგის თანამშრომლების შესაძლო დათხოვნაზე ისაუბრა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ რამდენ შტატს შეამცირებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ნეტგაზეთს რამდენიმე დღის წინ განუცხადეს, რომ “არ იგეგმება დიდი რაოდენობით მოხელეთა გათავისუფლება”. 16 დეკემბერს ნეტგაზეთს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი არაფერია.
შემცირება სამინისტროების გარდა ადგილობრივ თვითმმართველობებსაც შეეხება.
მაგალითად, რეორგანიზაცია მიმდინარეობს ხაშურის გამგეობაში. გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ იტყვის, რამდენი თანამშრომლის შემცირება მოუწევს:
“ამ შემცირების გარეშეც ვფიქრობდით, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია მცირე ნაწილში ყოფილიყო. აიპ-ების გაერთიანებაზეც იგივეს ვფიქრობ, თუმცა ეს პროცესიც დაემთხვა და რამდენიმე აიპ-ის გაერთანება მოგვიწევს და კადრების ოპტიმიზაცია. ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ ხარჯები შემცირდა, ამის გარეშეც ბევრ ადგილზე ვეღარ დავინახე იმდენი თანამშრომლის საჭიროება ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიც მუშაობენ. შევეცდებით, ეს უმტკივნეულოდ და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გაკეთდეს,”- განაცხადა გიორგი გურასპაშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უკვე გამოაქვეყნა ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის შემცირების შემდეგ შტატების თანამშრომელთა შემცირება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ოზურგეთის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ყაზაიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას არ დააკონკრეტა, თუ რამდენი თანამშრომლის შემცირება იგეგმება.