იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი საფრანგეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. ტელეკომპანია “იმედისთვის” გაკეთებულ კომენტარში თინა ბურჯალიანი აცხადებს, რომ შეხვედრები საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენლებთან იმართება.
“მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრი შეხვდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენი კონსულტაციები ეხება გამოძიებას, რომელსაც აწარმოებს საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია. ამავე საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით”.
ბურჯალიანის განმარტებით, საქმე ეხება ქართველი ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების, კერძოდ, კანონიერი ქურდების კავშირებს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსთან და პირველი ოქტომბრის არჩევნების პერიოდში ქვეყანაში დესტაბილიზაციის არეულობის და შესაძლო ძალადობის მიზნით უკანონო კავშირებს.
მეტი ინფორმაციის გამჟღავნებისგან იუსტიციის მინისტრის მოადგილე თავს იკავებს.
იმედდთან საუბარში ბურჯალიანი იმედს გამოთქვამს, რომ ხვალ, 25 სექტემბერს საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება გახდება შესაძლებელი.