ახალი ამბები

ნიკა ჩერქეზიშვილმა მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობა დაიწყო

15 დეკემბერი, 2016 • 2400
ნიკა ჩერქეზიშვილმა მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობა დაიწყო

ნიკა ჩერქეზიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან პროტესტს შიმშილობით განაგრძობს.  ის და მისი მხარდამჭერები უკვე მეხუთე დღეა ღია ცის ქვეშ შრომითი უფლებებისთვის აქციას მართავენ.

“დღეს მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას. მივეყინები აქ და მერე არკვიონ, ვინ იყო მართალი და იმართლონ თავი. მე არ ვიმართები არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ. ჩემს უკან არ დგას არანაირი პოლიტიკური ძალა. რეალურად, მე არ ვიბრძვი აქ სამსახურისთვის. მე ვიბრძვი დაკარგული ღირსებისთვის, რომელიც შემილახეს,” – ამბობს ნიკა.

ჩერქეზიშვილი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, სანამ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი საკითხით პირადად არ დაინტერესდება. მან პრემიერისა და სახალხო დამცველის სახელზე კანცელარიაში მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქმის შესწავლის მოთხოვნით განცხადებები უკვე დატოვა და კანცელარიის იურისტებსაც შეხვდა.

ნიკა ჩერქეზიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ “თბილისის სოლიდარობის ქსელი”, “აუდიტორია N115” და არაერთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მოძრაობები.

ნიკა ჩერქეზიშვილი და მისი მხარდამჭერები კანცელარიის წინ. 14.12.16. ფოტო: ანა-ლაშხელი ონიანი

ნიკა ჩერქეზიშვილი და მისი მხარდამჭერები კანცელარიის წინ. 14.12.16. ფოტო: ანა-ლაშხელი ონიანი

ნიკა ჩერქეზიშვილი 2015 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან ექვსთვიანი გამოსაცდელი სამუშაო ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლეს. დეპარტამენტი სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ვალდებულია დასაქმებულს განუმარტოს სამსახურიდან გაშვების მიზეზი. ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ მისი დათხოვნის მიზეზად არაპროფესიონალიზმი და კონფლიქტური ხასიათი დასახელდა, რაც შეუძლებელია, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე იუსტიციის სამინსიტროს ამავე დეპარტამენტში მუშაობდა დაახლოებით 11 წლის განმავლობაში. სამსახურის შეცვლა კი უკეთესი პირობების გამო გადაწყვიტა.

ჩერქეზიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და დანაკარგის ანაზღაურებას მოითხოვდა. საქმის განხილვა წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა და 5 დეკემბერს მოსამართლემ ჩერქეზიშვილის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. მის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” იურისტები იცავდნენ. როგორც TI-ის უფროსი იურისტი თეონა ზაქარეიშვილი აცხადებს, დასაბუთებული განაჩენი მხარეს ჯერ არ მიუღია, ამიტომ მათთვის გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ჯერ უცნობია. მოსამართლეს პროცესზე არც დამატებითი განმარტებები გაუკეთებია.

იურისტის თქმით, სამინისტრომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც უჩვენებდა, რომ ჩერქეზიშვილის კვალიფიკაციამ ან მისმა ხასიათმა მის მიერ შესრულებული საქმის ხარისხზე იქონია გავლენა. სამინისტროს ასევე არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც ამ ექვსი თვის განმავლობაში დასაქმებულის მიერ არაჯეროვნად შესრულებულ საქმეს ასახავდა. ჩერქეზიშვილის იურისტები სასამართლოს დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სამსახურის დაკარგვის შემდეგ ჩერქეზიშვილი, როგორც თავად ამბობს, ახალი სამსახურის დაწყებასაც ვეღარ ახერხებს და სწორედ ამან აიძულა, რომ პროტესტის ასეთი ფორმისათვის მიემართა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე მოუწოდებს ნიკა ჩერქეზიშვილს, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა. სამინისტრორ მასთან შეხვედრისათვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ნიკა ჩერქეზიშვილის პროტესტი შრომითი უფლებებისთვის ღია ცის ქვეშ – ვრცლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი