ახალი ამბებისამართალი

HRIDC: პატიმრებს საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა ეზღუდებათ

14 დეკემბერი, 2016 • 3083
HRIDC: პატიმრებს საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა ეზღუდებათ

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC) განცხადებით, ბოლო პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა ეზღუდებათ, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, მათ ორგანიზაციას ამის შესახებ მიმართეს როგორც მაღალი, ისე დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა.

“პატიმრები საუბრობენ პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო კავშირის შეზღუდვასა და კონტროლზე. კერძოდ, პატიმრებისათვის სავალდებულო გახდა სპეციალური ბლანკის შევსება, სადაც მათ უნდა მიუთითონ ტელეფონის ნომრები (5 ნომერი განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში და 10 – დაბალი რისკის დაწესებულებაში), ამ ნომრების მფლობელთა სახელი, გვარი და მათი ნათესაური კავშირი პატიმართან. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პატიმრები სატელეფონო კავშირის განხორციელებას ვერ შეძლებენ,” – ნათქვამია HRIDC–ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წლის 1 იანვრიდან სატელეფონო კავშირების შეზღუდვა გავრცელდა ბრალდებულ პატიმრებზეც. მათი განცხადებით, ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის შეზღუდვის უფლება სასამართლოდან მხოლოდ გამომძიებელს და პროკურორს გადაეცა. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სატელეფონო ნებართვის გაცემაზე ერთპიროვნული კონტროლის უფლება პროკურორსა და გამომძიებელს შესაძლებლობას აძლევს, ბრალდებულთან მიაღწიონ მათთვის სასურველ გარიგებას.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ მათთვის ცნობილი გახდა პენიტენციურ დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე-პატიმართა კორესპონდენციით სარგებლობის უფლების დარღვევის შესახებ:

“უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები კორესპონდენციის გაგზავნის უფლებით ფაქტობრივად ვერ სარგებლობენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კატეგორიის მსჯავრდებულებს კორესპონდენციის გაგზავნისას უწევთ, სულ მცირე, 90 ლარის გადახდა. აღნიშნული საფასური 10-ჯერ აღემატება ჩვეულებრივ საფოსტო მომსახურების საფასურს, რითაც საქართველოს მოქალაქე პატიმრები სარგებლობენ. სამინისტრო პირდაპირ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებთან. შეუსაბამოდ მაღალი ტარიფის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებული პრაქტიკულად მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს პატიმრობის კოდექსით გარანტირებული-კორესპონდენციის გაგზავნის უფლებით.”

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მათ ორგანიზაციას კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, რომელიც სხვადასხვა არგუმენტებით ამართლებს მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ბოლოდროინდელ პრაქტიკას.

ნეტგაზეთი სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერს, ბაია ცანავას დაუკავშირდა, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არანაირ ახალ შეზღუდვას არ აქვს ადგილი. გარე კომუნიკაციების მენეჯერი ამბობს, რომ HRIDC არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, ხოლო ბრალდებებზე სამინისტროს დეტალურ პასუხს ხვალ დილით გაგვაცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი