ახალი ამბები

რუსთავის ციხის პატიმრები კონკრეტული პირების დასჯას მოითხოვენ

24 სექტემბერი, 2012 •
რუსთავის ციხის პატიმრები კონკრეტული პირების დასჯას მოითხოვენ

ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, 2012 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საგანგებო მონიტორინგი განახორციელა რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, N6 დაწესებულების N84 საკანში განთავსებული მსჯავრდებულების– ლაშა კვანტალიანის, ბესიკ იობიძის, ბექა ესებუას, კახა გაგიშვილის, შალვა ახვლედიანის და ვალოდია გასოიანის განცხადებით, მათ მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან პროტესტის ნიშნად გამოცხადებული აქვთ შიმშილობა. მსჯავრდებულები ითხოვენ მათ მიმართ წარსულში მომხდარი ფიზიკური ზეწოლის ფაქტების გამოძიებას, რასაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N15 (ყოფილი N7), რუსთავის N16, ქუთაისის N2 და N18 სამკურნალო დაწესებულებებში.   

 

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, პროტესტის შიმშილობით გამოხატვის გარდა, ზემოაღნიშნულმა მსჯავრდებულებმა მიმართეს სხვა ფორმასაც. კერძოდ, 2012 წლის 22 სექტემბერს ლაშა კვანტალიანი  და ბესიკ იობიძე საკერავი ძაფით ზედა კიდურებით ერთმანეთს მიეკერენ, ხოლო დანარჩენმა ოთხმა მსჯავრდებულმა საკერავი ძაფით მიიკერეს თავისი ზედა კიდურები საწოლზე.

 

მსჯავრდებულების განცხადებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს თუ სხვა რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ისინი მხოლოდ წარსულში მომხდარი ძალადობის გამოძიებას ითხოვენ.

რუსთავის #6 საპყრობილე
რუსთავის #6 საპყრობილე

მასალების გადაბეჭდვის წესი