ომბუდსმენის ოფისის ცნობით, 2012 წლის 23 სექტემბერს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საგანგებო მონიტორინგი განახორციელა რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც შეხვდა და გაესაუბრა იქ განთავსებულ პატიმართა დიდ ნაწილს.
როგორც მონიტორინგის დროს გაირკვა, დღის პირველ ნახევარში დაწესებულებაში შედარებით დაძაბული ვითარება იყო. მსჯავრდებულები მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს მიმდინარე მოვლენების მიმართ და მოითხოვდნენ N16 დაწესებულების ზოგიერთი თანამშრომლის დასჯას. ისინი ასევე მოითხოვდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრას.
ომბუდსმენის ოფისის ცნობით, მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გადასცეს 336 ინდივიდუალური საჩივარი და კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 416 ადამიანი. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ უკვე მონახულებულმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ სხვა მსჯავრდებულებსაც სურთ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდონ ანალოგიური ახსნა-განმარტებები. სახალხო დამცველის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში განმეორებით ჩაატარებენ მონიტორინგს N16 დაწესებულებაში ამ მსჯავრდებულებთან შესახვედრად და ინფორმაციის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ ახსნა-განმარტების მიცემისა და საჩივრების გადმოცემის პროცესი განხორციელდა მშვიდობიანად და ორგანიზებულად. მსჯავრდებულებმა თავად უზრუნველყვეს ხელმოწერების შეგროვება და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის გადაცემა.
მსჯავრდებულთა განცხადებით, რუსთავის N16 დაწესებულების ძველი ადმინისტრაციის პირობებში მუდმივად ხორციელდებოდა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც გამოიხატებოდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უსამართლო და უმიზეზო დასჯაში.
მსჯავრდებულების გადმოცემით, ადმინისტრაციის თანამშრომლები რეგულარულად შედიოდნენ საკნებში, ძირს უყრიდნენ ტანსაცმელს, ხატებს, მათ კუთვნილ სხვა ნივთებს; სამარტოო საკანში ჩაყავდათ მარტო იმიტომ, რომ შემდეგ ვეღარ ესარგებლათ ხანგრძლივი პაემნის უფლებით. ასევე, მსჯავრდებულთა თქმით, შემოწმების დროს მათ უნადგურებდნენ წყლის მარაგს და შემდეგ რამდენიმე დღით უკეტავდნენ საკნებში წყალს, მაშინ, როდესაც დაწესებულების დანარჩენ ტერიტორიაზე წყალი ჩვეულებრივად მოდიოდა. დაწესებულებაში სტუმრის მოსვლის შემთხვევაში კეტავდნენ ფანჯრებს, გამორთავდნენ ვენტილაციას და უჰაერო საკანში ტოვებდნენ გარკვეული ხანი.
მსჯავრდებულთა თქმით, ადმინისტრაცია თავისი შეხედულებისამებრ რამდენიმე დღით რთავდა ტელეფონს, ხშირად – რამდენიმე კვირითაც.
ასევე, მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით გაუსაძლისი მათი მდგომარეობა გახდა ყოფილი დირექტორის, ვაჟა ცხვედიანის მოსვლის შემდეგ, რომელიც მოადგილესთან, დავით მუმლაძესთან და უსაფრთხოების უფროსთან, ილო ლუტიძესთან ერთად პირადად ცემდა კარცერში განთავსებულ მსჯავრდებულებს, რასაც სხვები მობილურით იღებდნენ.
გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, მსჯავრდებულები ასახელებენ შემდეგ თანამშრომლებს: რეჟიმის ოფიცერი გიორგი ჯღარკავა, ოფიცერი თემურ კორშია და აღნიშნავენ, რომ ეს სია არ არის ამომწურავი.
ომბუდსმენის ოფისმა რუსთავის N16 დაწესებულების მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებები 24 სექტემბერს რეაგირებისთვის გადასცა მთავარ პროკურატურას.