ახალი ამბები

პროტესტის მიუხედავად, ცესკო არჩევნებზე ფოტოვიდეოგადაღების შეზღუდვის საკითხს განიხილავს

24 სექტემბერი, 2012 •
პროტესტის მიუხედავად, ცესკო არჩევნებზე ფოტოვიდეოგადაღების შეზღუდვის საკითხს განიხილავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი დღეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და დადგენილების შესახებ მათი აზრი მოისმინა.

 

ცესკოს თავმჯდომარის ერთ–ერთ არგუმენტად კვლავ რჩება ის, რომ ამომრჩევლები დისკომფორტს განიცდიან, თუკი საარჩევნო უბანზე კამერები იქნება:

“ჩვენთვის მთავარია ამომრჩევლები და მათი ნება. NDI-ს კვლევის მიხედვითაც გამოჩნდა, რომ არსებობს ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, ვისაც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას, ეს იმ ადამიანების ნაწილია, ვისაც სავარაუდოდ საკუთარი პოზიციის გამჟღავნების ეშინია და ვიდეოკამერების არსებობის გამო შესაძლოა საერთოდ არ მოვიდეს არჩევნებზე”, – განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

ამ არგუმენტს არც მედიის და არც არასამთავრობო სექტორის წევრები არ ეთანხმებიან:

“საარჩევნო უბანი არ არის ადამიანის პირადი სივრცე და აქ კამერების არსებობით თუ ვინმეს უხერხულობა ექმნება, ამის გამო კამერების დაშვება არ უნდა აიკრძალოს. ეს რომ პირადი სივრცე არ არის, დარწმუნებული ვარ, გაცნობიერებული აქვს ყველა მოქალაქეს, უბრალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამით იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე მისული ადამიანების დაფიქსირება უბნის გარეთ მაინც მოხერხდება, ამიტომ დადგენილება ამ პრობლემას ვერ მოხსნის.

“დისკომფორტია თუ არა კამერა საარჩევნო უბანზე, ეს დიდი ხნის წინ გადაწყდა, მაშინ, როდესაც პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება დაშვებულია, ეს დადგენილება კი გვართმევს იმის უფლებას, რაც კანონით გვაქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დადგენილების მიხედვით ვერ აგვარებს ვერანაირ პრობლემას, პირიქით, დამატებით ქმნის. თუკი კომისია დადგენილებას მიიღებს, მე დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვება”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

დადგენილებას უკანონოდ თვლის იურისტი ალექსანდრე ბარამიძეც:

“ნებისმიერი ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს კანონს და არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, ამ დადგენილების მიღება კი კანონის არსებობას უსაფუძვლოს ხდის. არ მესმის ცესკოს არგუმენტი, ადამიანი გამოცხადდება თუ არ გამოცხადდება არჩევნებზე, ეს მისი უფლებაა და თუკი მას კამერების გამო არჩევნებზე მოსვლა არ მოუნდა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ კამერების არსებობა არჩევნების მიმდინარეობის პროცესს უშლის ხელს. მე ასევე ვერ გავიგე, რატომ იკრძალება ფარული გადაღება, თუ გადაღება ფარულია და მას ამომრჩეველი ვერ ხედავს, შესაბამისად, ის მას ვერც შეუშლის ხელს და მხოლოდ იმისთვის იქნება საჭირო, რომ დააფიქსიროს დარღვევები, მაშინ რატომ კრძალავს ცესკო მსგავს გადაღებას, ჩემთვის გაუგებარია”, – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.

მსგავსი მოსაზრებები გამოთქვეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებმაც.

კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, ცესკომ არასამთავრობო და მედიასექტორის პოზიცია მათთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ისედაც იცოდა, დღევანდელი შეხვედრა კი ემსახურებოდა იმას, რომ ცესკოს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა, თუმცა მათ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღეს:

“ჩემ გარდა არსებობს სხდომის კიდევ 12 წევრი, მათ ჩემგან განსხვავებული პოზიციები აქვთ, ამიტომ საბოლოო სხდომის დამთავრებამდე ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, დადგენილებას მივიღებთ, თუმცა დადგენილება იქნება კომპრომისული”, – განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

შეხვედრის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რამდენიმე კითხვა დაუსვეს, მათ შორის სთხოვეს დაესახელებინა კონკრეტული პიროვნება, ვისი ინიცირებულიც იყო ზემოთ აღნიშნული დადგენილება:

“ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში ბრეინსთორმინგის შემდეგ, ამიტომ კონკრეტულ ინიციატორს ვერ დავასახელებ, დადგენილების იდეა საერთოა, როგორც სახალხო ნაწარმოებები იქმნება ხოლმე”, – განაცხადა ხარატიშვილმა.

ხარატიშვილი არ გამოხმაურებია მაგდა პოპიაშვილის თხოვნას, დაესახელებინა თუნდაც ერთი ფაქტი 10 წლის მანძილზე, როდესაც არჩევნებზე ადამიანებს დისკომფორტი შეექმნათ და ხმის მიცემაზე უარი განაცხადეს კამერის არსებობის გამო. პოპიაშვილის განცხადებით, წინა წლებში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე ეხებოდა სათვალთვალო კამერებს, იმ უბნებზე, სადაც კამერა იყო დამონტაჟებული, გაცილებით ნაკლები დარღვევა ფიქსირდებოდა.

დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 19:00 საათზე ცესკოში გამართულ სხდომაზე მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი