ახალი ამბები

რომან გოცირიძე: ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება?

14 დეკემბერი, 2016 • 1770
რომან გოცირიძე: ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება?

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, 2017 წლის საელმწიფო ბიუჯეტის პროექტი “გადასაგდები ქაღალდია”.

“აბსოლუტურად სხვადასხვა რეალობის წინაშე დგას ქვეყანა და ადამიანი. წელს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის გადასაგდები ქაღალდი. გაუფასურებული ლარი ნიშნავს დეზორგანიზაციას ოჯახებში, ქვეყანაში, აზროვნებაში, ნიშნავს პრობლემებს და ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. გუშინ განაცხადეს, რომ ამ ბიუჯეტს მივყავართ ტაძრისკენო. მინდა შევეკითხო, ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება? ლარის კურსი რამდენი იქნება მაშინ,” – განაცხადა რომან გოცრიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ.

“ლარის გაუფასურებას სუსტი და მცირე ეკონომიკა იწვევს. ეს ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტია იმისათვის, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ამ თემებზე, რასაც  ლარის დევალვაცია ჰქვია, საერთოდ აღარ გვქონდეს ლაპარაკი.  2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები 9, 489 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 8, 820 მილიონი ლარი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 669 მილიონი ლარი- არასაგადასახადო შემოსავლებზე.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1,315 მილიონი ლარია. ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ოდენობის 4,1 %-ზეა დაგეგმილი. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტის ყოველწლიურ შემცირებას 2020 წლისთვის 2,5%-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი