ახალი ამბები

დავით ბაქრაძე: ქვეყანას ლარის მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსი აქვს

13 დეკემბერი, 2016 • 27792
დავით ბაქრაძე: ქვეყანას ლარის მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსი აქვს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანას ლარის მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსი აქვს.

დავით ბაქრაძემ დეპუტატებს ეროვნული ბანკის მიერ 14 დეკემბრისთვის განსაზღვრული გაცვლითი კურსი გააცნო, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6599 ლარი ღირს, რაც დღეისთვის დადგენილ კურსს 0.0445 ერთეულით აღემატება. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ  ეს ძალიან სერიოზული ვარდნაა.

“წეღან მოვისმინეთ, რომ ეს არის მცურავი კურსი. ბატონებო, მე შეიძლება ვთვლიდე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ლარის დასტაბილურება, არ შეგიძლიათ ეკონომიკის წინ წაყვანა, არ შეგიძლიათ ქვეყნის მართვა, მაგრამ ნამდვილად არ მჯერა, რომ ცურვა მაინც არ იცით. ცურვა ნიშნავს იმას, რომ ზედაპირზე იმყოფები და  როდესაც მუდმივად ქვემოთ და ქვემოთ ეშვები, ეს ცურვა აღარ არის, ეს მცურავი  კურსი აღარ არის, ეს არის დამხრჩვალი კურსი, რა მდგომარეობამდეც და რა კურსამდეც  თქვენ მიერ გატარებულმა ნაბიჯებმა მიიყვანა ლარი.  მთელი ამ დისკუსიის ფონზე, ეს არის პრაქტიკული  პასუხი იმისა, თუ როგორ იქცევა მთავრობა და როგორ რეაგირებს ბაზარი და ეკონომიკა თქვენს ნაბიჯებზე,  თქვენს გამოჩენაზე და თქვენს ინიციატივებზე.”

დავით ბაქრაძის განცხადებით, ეკონომიკური ბლოკის მინისტრების საჯარო განცხადებები ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურად მოქმედებს:

”ნებისმიერი თქვენი გამოჩენა ლარის გამყარებას უნდა იწვევდეს, მაგრამ ამის ნაცვლად ვიღებთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათს. სურათს, როცა ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ყველა გამოჩენა ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობისთვისაც, ბიზნესისთვისაც და ბანკებისთვისაც სრულიად გასაგები არის, რომ  ლართან დაკავშირებით ერთადერთი მესიჯი ის გაქვთ,  რაც გაახმოვანა თქვენმა პირველმა მოადგილემ – ”არ დაიჯეროთ”. კი, ბატონო, პირადად თქვენ ნუ დაიჯერებთ, მაგრამ  ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყანა შედის ძალიან ღრმა კრიზისში, საიდანაც მისი გამოყვანა თქვენი მთავრობის პირობებში იქნება შეუძლებელი,” – აღნიშნა ბაქრაძემ.

“არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება” – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დღეს, 13 დეკემბერს პარლამენტში 2017 წლის ბიუეჯტის პროექტის საბოლოო განხილვა მიმდინარეობს. საპარლამენტო სუბიექტებს ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსუშვილმა გააცნო. პროექტი უკვე განიხილეს “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრებმა და საპარლამენტო უმცირესობამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი