ახალი ამბები

10 რჩევა საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის გასავითარებლად

13 დეკემბერი, 2016 • 16076
10 რჩევა საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის გასავითარებლად

რა პოლიტიკური, სამართლებრივი, მარეგულირებელი და ტექნიკური ბარიერების დაძლევაა აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიის რესურსების არსებული პოტენციალი ეფექტურად აითვისოს – ამ თემაზე თბილისში 12-13 დეკემბერს გამართულ შეხვედრებზე ისაუბრეს და 10-პუნქტიანი რეკომენდაციების დოკუმენტი შეიმუშავეს.

“განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21-ე საუკუნისათვის” (REN21) და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ერთობლივი ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ექსპერტების ჯგუფის მიერ ენერგეტიკის სამინისტროსათვის შემუშავებულლი რეკომენდაციები “რეველ ჯგუფის” დირექტორმა, ემილი კულუვარისმა წარადგინა. მისი თქმით, საქართველო რესურსების მხრივ მდიდარია და ამ კუთხით წამოწყებული საქმიანობის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ექსპერტების ჯგუფი სამინისტროს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

  1. 2017 წელი მსოფლიოსათვის იქნება მნიშვნელოვანი წელი განახლებადი ენერგიების სექტორში – გეძლევათ შანსი, რომ ყველაფერი თავიდანვე დაგეგმოთ – გამოყოთ მიზნები და ხედვები.
    • გეგმის შედგენისას გამოიყენეთ ინტეგრირებული მიდგომები:
      განსაზღვრეთ რამდენიმე შესაძლო სცენარი;
    • აღრიცხეთ მიმდინარე პროექტების/პროგრამების მონაცემები, რომლებიც ახლაც არსებობს, თუმცა გაუმჯობესებას საჭიროებს (დატაბაზა);
  2. გაზარდეთ არსებული პროექტებიდან და ინფრასტრუქტურიდან მიღებული სარგებელი;
  3. გამართეთ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები, როგორც უწყვეტი დიალოგის ნაწილი;
  4. დაუწესეთ ენერგეტიკულ სფეროს ვალდებულებები – გადახედეთ უკვე არსებულ როლებს, რათა გაიზარდოს პასუხისმგებლობები და შექმენით უფრო მონდომებული ენერგეტიკული სფერო.
  5. გადახედეთ ქსელის შესაძლებლობებს საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე.
  6. რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობისათვის შეიმუშავეთ გრძელვადიანი მკაფიო სტრატეგია.
  7. განახლებადი ენერგიის სტრატეგიული გეგმის ნაწილად, გაზარდეთ ცნობიერება და აამაღლეთ საზოგადოების ინფორმირების დონეზე, რაც ასევე ითვალისიწებს არაფორმალური განათლების ელემენტსაც.
  8. განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პროცესი უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე;
  9. ადმინისტრაციული პროცესები უნდა იყოს “მსუბუქი”, რაც გულისხმობს, რომ სამინისტროს მიერ დადებული შეთანხმებები, ნებართვის გაცემა ან მემორანდუმები უნდა იყოს კონკრეტული და სტრუქტურიზებული.
  10. უნდა განისაზღვროს სამართლიანად ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგია.

რეკომენდაციების ავტორები თანხმდებიან, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია კერძო სექტორის ჩართვა და ინვესტორებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბება.

“ინვესტორებს კი გამართული, “მსუბუქი” კანონმდებლობა სჭირდებათ. მათ წინასწარ უნდა იცოდნენ, ზუსტად რას სთავაზობს სახელმწიფო, რათა დაბრკოლებისა და ეჭვის გარეშე განახორციელონ ინვესტიცია,” – აცხადებს ემილი კულუვარისი.

ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით შარიკაძე რეკომენდაციების შინაარს სრულად იზიარებს და აცხადებს, რომ სამომხმარებლო წილის გაზრდასთან ერთად საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები გასატარებელია, რომელიც ამჟამად მზადების პროცესშია.

“განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის” (REN21) და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) წამომადგენლები 13.12.16

“განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის” (REN21) და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) წამომადგენლები 13.12.16

“ბევრი ცვლილებაა გასატარებელი, რაც ძირითადად არის საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებული. ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა თითქმის დასრულებულია და კანონმდებლობაზე მუშაობაც გრძელდება,” – აცხადებს შარიკაძე.

ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის წარმომადგენელი ჯანლუკა სამბუჩინი ქვეყანაში განახლებადი ენერგიების წარმოებისა და ათვისების პროცესს ასევე დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

სამბუჩის თქმით, წიაღისეულის გამოყენება, იმის მიუხედავად, რომ დღემდე ძალიან მაღალია (დაახლოებით 80%), ყოველ წელს კლებულობს. კვლევა მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება და შედეგად, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების მასშტაბები გაიზრდება. ამის ფონზე საქართველოს შესაძლებლობაც, გახდეს ენერგიის დისტრიბუტორი, გაიზრდება.

ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარებაში.

2011 წლიდან REN21 და UNECE-ის განახლებადი ენერგიის საკითხების შესახებ ყოველწლიურ კვლევას ამზადებენ. ბოლო კვლევის თანახმად, მართალია, განახლებადი ენერგია ბევრი ქვეყნისათვის ჯერ კიდევ არ არის ენერგიის ძირითადი ან მნიშვნელოვანი წყარო, თუმცა ყოველ წელს მისი მოხმარების წილი იზრდება. კვლევაში საქართველოც მოხვდა. რეგიონში არსებულ ვითარებაზე კვლევის ახალი შედეგები ხელმისაწვდომი მომავალ წელს გახდება.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა 94 განახლებადი პროექტების განხორციელებას ენერგეტიკის სექტორში. ჯამში, ეს პროექტები 3,100 მგვტ-ია, ხოლო მათი საინვესტიციო ღირებულება – 6 მლრდ აშშ დოლარი.

საქართველოში განახლებადი ენერგიის გამოყენების უპირატესობასა და მისი პერსპექტივის შესახებ წაიკითხეთ უფრო ვრცლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი