
ამ დროისათვის “ბასკოსთან” დაახლოებით 500 ადამიანია შეკრებილი. რამდენი ადამიანია უკვე შესული შენობაში, ჟურნალისტები ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან დაცვის წარმომადგენენლები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები შედიან. აკრედიტირებულთა სიაში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები არ მოხვდნენ.
“ბასკოსთან” შეკრებილი არიან საბავშო ბაღების გამგეები, სკოლის დირექტორები და სხვადასხვა კერძო კომპანიაში წამყვან პოზიცებზე მყოფი ადამიანები. კერძოდ ის პირები, ვინც ადგილობრივ არჩევნებზე აქტიურად იყვნენ ჩართული “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაცია –პროპაგანდაში.
გარეთ შეკრებილები აცხადებენ, რომ არიან “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები და მიდიან პრეზიდენთან შესახვედრად. რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ პრეზიდენთან შეხვედრაზე საკუთარი ნებით მოვიდნენ: “ეს არის ჩვეულებრივი რიგითი შეხვედრა, რომელიც ადრე დაიგეგმა და თუ კითხვის დასმის საშუალება მოგვეცა, პრეზიდენტს აუცილებლად დავუსვამთ კითხვას პატიმრების წამების ფაქტთან დაკავშირებით”. ნაცმოძრაობის აქტივისტები და კოორდინატორები ამბობენ, რომ პატიმრების წამების ფაქტი მოწყობილია და ივანიშვილის სახელს უკავშირდება.
ოფიციალური კომენტარი იმის შესახებ, თუ როდის მოვა პრზიდენტი, არ კეთდება. ამის შესახებ არც მოქალაქეებმა იციან. ასევე არ არის ცნობილი, პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს მხარდამჭერებს, თუ შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართება.
