ახალი ამბები

ნინა ხატისკაცის ქმარი დაკავებულია

23 სექტემბერი, 2012 •
ნინა ხატისკაცის ქმარი დაკავებულია

“კახას დილის 8 საათზე ვესაუბრე და არაფერი არ ხდებოდა. როცა სახლიდან გადიოდა, მას გარეთ დახვდნენ პოლიციელები ვიდეოკამერებით, რომლებიც ძალით უპირებდნენ მანქანაში ჩასმას და ეს გაუძალიანდა. ამის შემდეგ ის წაიყვანეს პოლიციაში. მასთან რამდენიმე წუთის წინ შეუშვეს ადვოკატი, რომელიც ამ წუთებში ეცნობა, თუ რაში ედება კახა ჟორჟოლიანს ბრალი”, – განუცხადა ნინა ხატისკაცმა “ნეტგაზეთს”.

 

ნინა ხატისკაცის თქმით, მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც კახა ჟორჟოლიანი “ქათული ოცნების” წარმომადგენელია, 3 დღის წინ ინციდენტი მოხდა. მესტიაში, სადაც სპეცუბნების დამატებასთან დაკავშირებით დავა იმართებოდა, კახა ჟორჟლიანს შელაპარაკება მოუხდა საოლქო კომისიაში ცესკო–ს წარმომადგენელთან, ვინმე სოფრომაძესთან, თუმცა ინციდენტის დროს ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, ეს მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება იყო. თუმცა ხატისკაცისთვის უცნობია, ამას უკავშირდება თუ არა მისი ქმრის დაკავება, მისთვის სხვა ინციდენტის შესახებ ცნობილი არ არის.

 

კახა ჟორჟოლიანი ასევე არის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვიქტორ ჯაფარიძის საარჩევნო შტაბის ერთ–ერთი ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ ნინა ხატისკაცი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”–დან მიმდინარე წლის ივლისში გაათავისუფლეს, ის თავს პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებულად მიიჩნევდა.

 

მესტიაში სპეცუბნების საკითხთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისს კომისიას  16 სექტემბერს მიმართა და საკითხის შესწავლა მოითხოვა. კოალიციის აზრით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთათვის მაჟორიტარულ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა უთანასწორო პირობებში ამყოფებს საარჩევნო სუბიექტებს და ბალანსს ხელისუფლების სასარგებლოდ არღვევს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებათშორისმა კომისიამ განცხადებაც გაავრცელა და რეკომენდაცია მისცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სადაც წერია:

 

1. შესაძლებლობა მისცენ იმ წვევამდელებს, რომლებიც 1 ივლისის შემდეგ არიან გაწვეული სამხედრო სამსახურში,  ჯერ არ გაუვლიათ შიდა პროცედურული მომზადება და არ ასრულებენ არსებით ფუნქციას, არჩევნებში მონაწილეობა თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიიღონ; 

 

2. ცესკომ არ გაითვალისწინოს 1 ივლისის შემდეგ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები დამატებით სპეციალურ საარჩევნო უბნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი