
21:25 – გლდანის ციხესთან სტუდენტების აქცია ამ დროისათვის დაიშალა. სტუდენტებმა განაცხადეს, რომ თუ კვირას რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, აქცია არ გაიმართება. ახალგაზრდები საპროტესტო შეკრებებს და მანიფესტაციებს ორშაბათიდან გააგრძელებენ. საპყრობილესთან პაემნების რიგში კვლავ რჩებიან ის ადამიანები, რომლებმაც ციხეში პატიმართა მონახულება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.
20:35 – პატიმრები ციხის გისოსებიდან ყვირიან, რომ პატიმარი ლევან სულაქველიძე ცუდადაა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა სახის პრობლემა აქვს მას.
20:30 – “ლაბორატორია 1918″–ის წევრების განცხადებით, სტუდენტები ორშაბათს 3 საათზე თსუ–ს პირველ კორპუსთან ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ. ციხესთან შეკრებილი სტუდენტები ჯერ არ იშლებიან და პატიმრებს სიმღერით ამხნევებენ.
19:30 – აქციის მონაწილეები მოითხოვენ ძმებ ახალაიების გასამართლებას, თუმცა, მათი თქმით, დღეს მოქმედი პროკურატურის პირობებში შეუძლებელია საქმის ნორმალურად წარმართვა და ამის გამო ისინი მოითხოვენ საზოგადოებრივი პროკურორის ინსტიტუტის შექმნას, ხოლო პატიმრების წამებაში მონაწილეების პროცესი, აქციის მონაწილეების თქმით, უნდა წარიმართოს ნაფიცი მსაჯულების მიერ.
18:50 – სტუდენტები გლდანის მე–8 საპყრობილესთან მივიდნენ, მათ ციხეს გვერდიდან შემოუარეს და პატიმრებს შეძახილებით ამხნევებენ.
18:10 – საპროტესტო მსვლლეობა მეტრო “ახმეტელის თეატრიდან” მიემართება გლდანის #8 საპყრობილისკენ. ამ დროისათვის ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა ხალხის ნაკადის გამო შეწყვეტილია. ფეხით მოსიარულეთა გარდა, საპროტესტო მსვლელობას ხალხი ავტომობილითაც მიჰყვება.
17:35 – სტუდენტური მოძრაობა “ლაბორატორია 1918″–ის წევრების მიერ ორგანიზებული აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს მეტრო “ახმეტელის თეატრთან”. აქციას დაწყებისთანავე შეუერთდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები. მათი რაოდენობა 100–ს აღწევს, თუმცა აქციას მუდმივად ემატებიან ახალგაზრდები.
სტუდენტები მხარდამჭერების შემოერთების შემდეგ გლდანის #8 საპყრობილისკენ გეგმავენ მსვლელობას. ისინი პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ.
“ნოლოვანი ტოლერანტობა სადისტ დამნაშავეებს!”
“სოლიდარობა პატიმრებს!”
“ვარდით მოვიდა, ცოცხით წავა!” – ეს არის ლოზუნგები, რომლებიც ახალგაზრდების ტრანსფარანტებზე წერია.
ამ დროისათვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფილარმონიასთანაც.