ახალი ამბები

ივანიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გეგმა აქვს

22 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გეგმა აქვს

17:15 – აფხაზეთის შემოერთებასა და ამ მხარეში დევნილების დაბრუნების გეგმაზე ისაუბრა ზუგდიდის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.

 

“სწორედ აქ, სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად.  საქართველოში აფხაზები თავისი ნებით უნდა დაბრუნდნენ, აფხაზები საიმედო და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩენთან და არა იმ ძალადობამ და ძალადობრივმა გამონათქვამებმა, რომელსაც ხელისუფლება ამბობს.

მხოლოდ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების პერსპექტივამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი ჩვენსა და ჩვენს ძმებს შორის. სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ თავისი საკუთარი, უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს.

 

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართევლო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ყველა ღირსეულად იცხოვრებს. საქართველო ნამდვილად ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ უნდა გადავაქციოთ და ჩვენს აფხაზ ძმებსაც ჩვენკენ გამოუწევთ გული და უცხო ქვეყანას არ შეეკედლებიან. ჩვენი დევნილები უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში, თავის სამშობლოში, თავის მიწა– წყალზე.

რომ იცოდეთ, აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გეგმაც გათვლილი მაქვს, რამდენი სახლი უნდა აშენდეს, რა თანხა დაჭირდება, ყველა პროექტი მზად გვაქვს. სამართლაინ სახელმწიფოს ავაშენებთ და აფხაზებს ამით მივიზიდავთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი