ახალი ამბები

პრემიერი: ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მიღწეული შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო

9 დეკემბერი, 2016 • 3639
პრემიერი: ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მიღწეული შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო

დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმება საბოლოო გადაწყვეტილებისაკენ უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო.

“ჩვენ კიდევ დაგვრჩა გასავლელი მთელი რიგი პროცედურები, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ მივყვებით ამ პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდება მთლიანი პროცედურის დასრულება. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში ძალიან გვეხმარებიან ამ პროცესში,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ყველა მათგანს ამ უდიდესი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტია:

“ეს არის არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი, არამედ პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენს შიდა რეფორმების დღის წესრიგს იმისთვის, რომ ქვეყანაში ავწიოთ ცხოვრების ხარისხი და ეკონომიკური განვითარების დონე მოვიყვანოთ იმ დონესთან შესაბამისობაში, რომელიც ევროპულ ქვეყანას და ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრ ქვეყანას შეეფერება. ამიტომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ვფიქრობთ, ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მალე დასრულდება.”

ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ასევე ევროკომისია  საერთო შეხვედრაზე ევროკავშირში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე 7 დეკემბერს შეთანხმდნენ. ევროპარლამენტი საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის ხელისშემშლელ ფაქტორად ამ დრომდე შეჩერების მექანიზმს ასახელებდა, რომელზეც წევრ ქვეყნებს არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროპარლამენტში მიღწეულ შეთანხმებას ტვიტერის გვერდზე ქართულად და უკრაიანულად ეხმაურება. ტუსკის წერს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგი თითქმის მიღწეულია და ახლა ბოლო ნაბიჯების გადადგმის ჯერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი