ახალი ამბები

ომბუდსმენი: სკოლებიდან აღებული წყლის 129 სინჯიდან 45 ნორმას არ შეესაბამებოდა

8 დეკემბერი, 2016 • 2235
ომბუდსმენი: სკოლებიდან აღებული წყლის 129 სინჯიდან 45 ნორმას არ შეესაბამებოდა

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, საქართველოს სკოლებში წყლის 129 გამოკვლეული სინჯიდან 45 ნორმებს არ შეესაბამება.

ომბუდსმენმა საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის ხარისხის მდგომარეობის შესწავლა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის მიმართვის საფუძველზე   დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხის მიხედვით, ომბუდსმენი აცხადებს, რომ 2015–2016 წლებში სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 გამოკვლეული სინჯიდან  45  არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

ასევე, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რიგი საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად,  სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემაც გამოვლინდა.

ომბუდსმენი მიმართავს განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს და მოითხოვს ამ პრობლემის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაუდებელ  მოწესრიგებას.

“გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ბავშვის სიცოცხლისა და გადარჩენის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლებაზე, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის  პრინციპის განხორციელების აუცილებელ პირობაზე.

სახალხო დამცველი  გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების  შესაბამის სტრუქტურებს, რათა ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა  საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის  უზრუნველსაყოფად,”- აცხადებს ომბუდსმენი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი