ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადება შშმ პირების მიმართ სტერეოტიპების გაძლიერებაზე

8 დეკემბერი, 2016 • 3558
ომბუდსმენის განცხადება შშმ პირების მიმართ სტერეოტიპების გაძლიერებაზე

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, რუსთავში გამართული ღონისძიება, სადაც, სავარაუდოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს  ეცვათ მაისურები წარწერით –  შშმპ, წარმოადგენს ასეთი პირების მიმართ დისკრიმინაციული სტერეოტიპების გაძლიერებას.

” ზემოაღნიშნული ღონისძიება გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1992 წლიდან აღინიშნება და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში ტოლერანტობის, მიმღებლობისა და ცნობიერების ამაღლებას.

სახალხო დამცველი მიესალმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან მსგავსი თარიღების აღნიშვნაში მონაწილეობას, თუმცა მიიჩნევს, რომ საკითხის მაღალი მგრძნობელობიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ფრთხილად უნდა მოხდეს ღონისძიებათა შინაარსობრივი დაგეგმვა, ვინაიდან არ მოხდეს თანასწორობის პრინციპის ხელყოფა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმების წახალისება,” – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციული სტერეოტიპების გაძლიერებას, რამდენადაც მაისურზე არსებული წარწერა ხაზს უსვამს ამ ადამიანების განსხვავებას სოციუმის დანარჩენი წევრებისგან და მათ მარგინალიზებას უწყობს ხელს.

“თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების თითოეული წევრი, განსაკუთრებით სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, უნდა ზრუნავდნენ ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.”

ამავე განცხადების თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად დოკუმენტების და წამოწყებების სიმრავლისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღევანდელ რეალობაში კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულუფლებიან წევრად მონაწილეობის პროცესში და მათი უფლებები კვლავ ირღვევა, რაც განპირობებულია მათ მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებით.

აქედან  გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირსა და ორგანიზაციას, სამომავლოდ თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის წარწერებისა თუ სიმბოლიკის არასწორ კონტექსტში გამოყენებისგან.

„რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გამართულ სპორტული ღონისძიებაში მონაწილეობას მხარისა და ქალაქის სხვადასხვა ოფიციალური პირი იღებდა. როგორც გავრცელებული ფოტოებიდან იკვეთება, სავარაუდოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებაში, ეცვათ მაისურები წარწერით  – „შშმპ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი