საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 8 დეკემბერს ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის კუთვნილი, შპს „ავტოსერვისი 2016“-ის დირექტორი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მერიის ბალანსზე არსებული, ავტო-ტექმომსახურებისთვის გათვალისწინებული ფართის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს ქრთამის სახით გამოართვა 2 000 ლარი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულის მიერ აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.