ახალი ამბებისამართალი

2 წელიწადში მოძალადე მშობლებისგან 167 ბავშვი განაცალკევეს

8 დეკემბერი, 2016 •
2 წელიწადში მოძალადე მშობლებისგან 167 ბავშვი განაცალკევეს

2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე 167 ძალადობის მსხვერპლი ბავშვი გადაიყვანეს უსაფრთხო გარემოში. მშობლების მხრიდან ბავშვზე ძალადობის სტატისტიკა ნეტგაზეთმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტიდან გამოითხოვა.

ორი წლის განმავლობაში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის ან ფაქტის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე და ელექტრონულ მისამართზე 1223 შეტყობინება შევიდა. აქედან, სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო უფრო ხშირად იყო ბავშვის ქცევა.

2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე, “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების” შესაბამისად, 279 შემთხვევაში დადასტურდა ბავშვზე ძალადობა და პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, ხოლო ამავე პერიოდში უსაფრთხო გარემოში 167 ბავშვი განთავსდა.

ორი წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში შესული 532 მიმართვიდან მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტი ამჟამად 252 შემთხვევაზე (ბავშვზე) ახორციელებს ზედამხედველობას.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში დღემდე არსებობს ბავშვის აღზრდის ძალადობრივი კულტურა, თუმცა მდგომარეობის გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. მშობლების უმეტესობას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე მათი შვილი “გაფუჭდება”.

ბავშვის ცემა და მისი შედეგები, პოზიტიური აღზრდის მეთოდები, გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) საქართველოს ოფისის მონაცემები და ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი