ახალი ამბები

ჰანი ევროპარლამენტს: სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე

8 დეკემბერი, 2016 • 2167
ჰანი ევროპარლამენტს: სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანი ტვიტერზე წერს, რომ მიესალმება ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის საერთო შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას ევროკავშირში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ. “მოვუწოდებ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინასთან და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით”, – წერს ევროკომისარი.

ევროპარლამენტი საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელის შემშლელ ფაქტორად ამ დრომდე შეჩერების მექანიზმს ასახელებდა, რომელზეც წევრ ქვეყნებს არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა 7 დეკემბერს გამართულ საერთო შეხვედრაზე ისინი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც საქართველოსათვის, უკრაინისა და კოსოვოსათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ხელახლა დააწესონ სავიზო რეჟიმი კონკრეტულ ქვეყანასთან, თუკი ეს უკანასკნელი დაარღვევს წესებს, – მაგალითად, თუკი ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი იმაზე მეტხანს დარჩება შენგენის ზონაში, ვიდრე ეს დასაშვებია და ა.შ.

ოქტომბერში “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი, ამბობდა, — მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი გადაწყვეტს უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების მექანიზმის საკითხს, საქართველოს მოქალაქეები მალევე შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზის გარეშე მიმოსვლასო.

—“გრძელდება პარლამენტში ლიბეს კომიტეტზე განხილვები და, იმედი მაქვს, მომავალ კვირას გუშინდელი პროცედურა მიიყვანს ბოლომდე საქმეს, მომავალ კვირას გაიმართება კენჭისყრა საუკეთესო ვარიანტში, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი ამას… შემდგომ უკვე ამოქმედების ვადების განსაზღვრა რჩება. მგონი, ამას დიდი ხანი არ დასჭირდება და, როგორც ვვარაუდობდით, მომავალი წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ იმის საშუალება, რომ უვიზოდ იმოძრაონ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში”, – განაცხადა 8 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი