რუსთავი 2-სა და “იმედის” რეკლამა შესაძლოა ერთმა კომპანიამ გაყიდოს

ახალი წლიდან სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე შესაძლოა ახალი კონფიგურაცია ჩამოყალიბდეს, რომლის შედეგადაც იმედის და რუსთავი 2-ის სარეკლამო დროს ერთი კომპანია გაყიდის, რაც ამ კუთხით არსებულ სტატუსკვოს შეცვლის.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ მომზადებული კვლევით,  რომელიც წელს გამოქვეყნდა, 2015 წელს საერთო სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 48,9 % და 34,4 % „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ მოდიოდა. ამავე კვლევის თანახმად, 2016 წელს სატელევიზიო ბაზარზე დუოპოლია დამკვიდრდა: „რუსთავი 2 “-სა და მის მონათესავე არხებს („კომედისა“ და „მარაოს“) ერთი ექსკლუზიური გაყიდვების სახლი ჰქონდათ (რომლებიც პარალელურად არაექსკლუზიურად „კავკასიისა“ და „პირველის“ სარეკლამო პროდუქტებსაც ყიდდა), ხოლო, მეორე მხრივ, “იმედი” ყიდდა საკუთარ, GDS-ისა და მაესტროს სარეკლამო დროს.

TI-ის კვლევის თანახმად, ორივე კომპანიას “აქვს ბაზარზე ძალაუფლება მათი გაყიდული არხების მიერ აუდიტორიის ერთიანი წვდომის თვალსაზრისით, რის გამოც რეკლამის დამკვეთისათვის, რომელსაც სურს, ქვეყნის მასშტაბით აწარმოოს სარეკლამო კამპანია, დე ფაქტო რთულია, გვერდი აუაროს რომელიმე მათგანს. სატელევიზიო რეკლამის ხარჯების თითქმის 95% „იმედში“ ან Intermedia-ში გაივლის”.

თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა 2016 წლიდან შეიცვალოს, რადგან დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ რუსთავი 2-ის, იმედის და “მაესტროს” სარეკლამო დრო მხოლოდ ერთმა კომპანიამ გაყიდოს.

“ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, ეს კომერციული საიდუმლოა”, – გვითხრა რუსთავი 2-ის დირექტომა ნიკა გვარამიამ, რომელსაც ვკითხეთ, ნამდვილად არის თუ არა საუბარი აღნიშნულ საკითხზე. თუმცა გვარამია აკონკრეტებს, რომ ტელეკომპანია “მაესტროზე” ლაპარაკი საერთოდ არ არის: “მსხვილი მოთამაშეები ბაზარზე მხოლოდ “რუსთავი 2” და “იმედი” არიან და მხოლოდ მათ შეთანხმებას შეიძლება ჰქონდეს  კომერციული ფასი”.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ კონფიგურაციის მოსინჯვა ყოველწლიურად ხდება, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, თუმცა მხარეები ბოლოს ვერასდროს თანხმდებიან. პრინციპში ეს ყველას ინტერესშია, მაგრამ განსხვავებული აზრებიც არსებობს. როგორ იქნება მომავალ წელს, ამაზე ვერაფერს გეტყვით”.

TI-ის ზემოხსენებული კვლევით, სატელევიზიო რეიტინგები სატელევიზიო ბაზრის გამართული ფუნქციონირების საფუძველია. 2016 წლის იანვრის შემდეგ საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის მზომავი (TAM) ორი კომპანია მოქმედებს: ABG Nielsen-ის ლიცენზიის მფლობელი TVMR.GE, რომელიც სატელევიზიო აუდიტორიას 2005 წლიდან ზომავს და ამჟამად მისი კონკურენტი Kantar Media-ს ლიცენზიანტი Tri Media Intelligence. აქედან რეიტინგების მზომავი ერთი კომპანიის [TVMR.GE] მომსახურებით რუსთავი 2 სარგბელობს, ხოლო “იმედი” და სხვა დიდი ტელევიზიები მეორე კომპანიას ეყრდნობიან.

თუ იმედი და რუსთავი 2 გაყიდვების შემსრულებელი ერთი კომპანიით იმუშავებენ, რომელ რეიტინგებს დაეყრდნობიან?

“ესეც არის პრობლემატური საკითხი, ანუ ჩვენს შორის განსხვავებული საკითხების ნუსხა კიდევ უფრო გაიზარდა, მათ შორის ამ ფუნდამენტური საკითხით”, – გვითხრა ნიკა გვარამიამ და გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ რუსთავი 2 რეიტინგების მზომავი კომპანიის ცვლილებას დათანხმდეს. 

რაც შეეხება იმას, თუ რას მოუტანს “იმედსა” და “რუსთავი 2”-ს სარეკლამო სახლის გაერთიანება, ნიკა გვარმაია ამბობს:

“გაზრდის ბაზრის სტაბილურობას, ვინაიდან ის საკმაოდ დაზიანდა საქართველოს ხელისუფლების უგუნური საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად და პარალალეურად იმ ეკონომიკური პრობლემებით, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომ ერთიანი გაყიდვები სტაბილურობას მოუტანდა ბაზარს, მაგრამ ვნახოთ”.

შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, რატომ უნდა იმოქმედოს რუსთავი 2-მა ერთიანი გაყიდვებით იმ ტელეკომპანიასთან, რომელსაც ნიკა გვარამია სახელისუფლებლო მედია-ჰოლდინგის წარმომადგენელს უწოდებდა ხოლმე:

“მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ბიზნესი ბიზნესია. ბიზნესთან რა კავშირშია სახელისუფლებოა, თუ არა არასახელისუფლებო. გაყიდვები არის მხოლოდ და მხოლოდ კომერცია და კომერციის დროს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კომერციულ მდგენელს, მეტს არაფერს საერთოდ. ის, ვინც პოლიტიკას აკავშირებს კომერციასთან, არ არის კარგი მენეჯერი. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ აქამდე ეს შეთანხმება მაგის გამო ვერ დგება,  ანუ რუსთავი 2 არ არის გამპრობლემებელი”, – ამბობს გვარამია.

სარეკლამო ბაზრის TI-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2013 წლამდე ბაზარზე დე-ფაქტო მონოპოლია “General Media”-ს  ჰქონდა. 2010 წლიდან მოყოლებული „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და თბილისში დაფუძნებული რამდენიმე სხვა არხის რეკლამებს ექსკლუზიურად ყიდდა General Media. „იმედის“ კანონიერ მფლობელებზე სიმბოლურ ფასად, 3 ლარად, მიყიდვის შემდეგ მონოპოლიურმა გაყიდვების სახლმა არსებობა შეწყვიტა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com