ახალი ამბები

აუდიტის სამსახურმა პარტიების შემომწირველები, ჯამში, 370 200 ლარით დააჯარიმა

5 დეკემბერი, 2016 • 4205
აუდიტის სამსახურმა პარტიების შემომწირველები, ჯამში, 370 200 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების კამპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონიტორინგის მიმდინარე შედეგები წარადგინა.

სამსახურის ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერება. ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორის, „ქართული ოცნების“- 35, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 12, „სახელმწიფო ხალხისთვის – 42 და „პატრიოტთა ალიანსის“ – 18 შემომწირველი. უწყებაში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია 40 პირი.

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანების „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი 7 პირი, ჯამური სანქციის – 187 000 ლარის ოდენობით და „პატრიოტთა ალიანსის“ 1 შემომწირველი – 183 200 ლარის ოდენობით დააჯარიმა. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებული არიან პირები 8 000 ლარის ოდენობით, ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.

ამ ფაქტს საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, პარტიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს ხელისუფლება “არასასურველი პარტიების” დასასჯელად იყენებს:

“ქართული ოცნება დაჯარიმდა მხოლოდ 8 000 ლარით, მაშინ, როდესაც მილიონებს შეადგენს შემოწირულობა. ასევე არ დაჯარიმებულა ნაციონალური მოძრაობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტრუქტურა დღესაც არის პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი და იყენებენ მას არასასურველი პარტიების დასაჯელად. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ჯარიმა არის უკანონო. ჯარიმა არ არის მხოლოდ 180 000, ამას ემატება კიდევ პარტიის ჯარიმა, 90 000 ლარი, და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტიპის პარტია ფინანსურად უნდა განადგურდეს? ეს არის ზეწოლა და ტერორი ჩვენი ტიპის პარტიებზე,” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოწირულებების ჯამმა 29 212 382 ლარი შეადგინა, ხოლო მათ მიერ წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების ჯამური მოცულობა 39 472 486 ლარით განისაზღვრა.

პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

  1. ქართული ოცნება – 19,005,219.00 ლარი
  2. სახელმწიფო ხალხისთვის – 4,278,541.67 ლარი
  3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 1,063,514.50 ლარი
  4. “პატრიოტთა ალიანი” – 1,019,650.10 ლარი
  5. “თავისუფალი დემოკრატები” – 686,945.00 ლარი
  6. სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტები – 3,158,512.00 ლარი

რაც შეეხება დეკლარირებულ ხარჯებს, საარჩევნო პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ განხორციელებული ჯამური ხარჯები ასე გამოიყურება:

  1. „ქართული ოცნება“ – 22,212,663.00 ლარი
  2. „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4,396,452.40 ლარი
  3. „პატრიოტთა ალიანსი“ – 2,391,046.00 ლარი
  4. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2,524,362.00 ლარი
  5. „თავისუფალი დემოკრატები“ – 1,694,759.53 ლარი
  6. სხვა საარჩევნო სუბიექტები – 6,253,204.00 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი