ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი რუსეთში დააკავეს

4 დეკემბერი, 2016 • 7397
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი რუსეთში დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ბლოკის ლიდერთა მონაწილეობით 4 დეკემბერს, გვიან ღამით პარტია “ამცახარას” პოლიტსაბჭოს საგანგებო გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომის მიზეზი სოჭში ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას დაკავება გახდა. ინფორმაციას პარტიაზე დაყრდნობით ეხოკავკაზა ავრცელებს.

პარტიის ცნობით, “ორი დღის განმავლობაში ქალაქ სოჭის სამართალდამცავი სტრუქტურების წარომადგენლები სხვადასხვა გამოგონილი საბაბით ასლან ბჟანიას დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებებს მიმართავდნენ. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა, რომელიც სამოქალაქო პირის ჩაცმულობაში იყო, ბჟანიას “რუსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ საქმიანობაში” დასდო ბრალი. ორი დღის განმავლობაში ის არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე სოჭის პოლიციის განყოფილებაში. 4 დეკემბერს კი, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე საპასპორტო კონტროლის დროს ბჟანია ცალკე ოთახში შეიყვანეს. მალევე მოვიდა პოლიციის მანქანა, რითაც კვლავ გადაიყვანეს სოჭში, სადაც ამ დრომდე იმყოფება”.

პარტია “ამცახარა” მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ბლოკის თანათავმჯდომარის წინააღმდეგ ზომები აფხაზეთის ხელისუფლების შუამდგომლობით მიიღება.

აღნიშულ ფაქტს წინ უძღოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის პრეზიდენტების 2016 წლის 1 დეკემბრის შეხვედრა, სადაც ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას პირობა წაუყენა – “თუ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური პროცესები გამწვავდება, ამან შესაძლოა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა გაართულოს”.

“ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთში რთული შიდაპოლიტიკური მოვლენებია. ეს, რა თქმა უნდა, ნორმალური მოვლენაა ნებისმიერი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. თუმცა დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იქნება და სამართლებრივი ჩარჩოდან არ გავა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ რთული განსახორციელებელი იქნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმები. ბუნებრივია, როდესაც სერიოზული შიდა რყევა ხდება, იქ უკვე არავის სცხელა გზებისთვის, საავადმყოფოებისთვის და სკოლებისთვის”, – თქვა პუტინმა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტამდე აფხაზურმა ოპოზიციამ მორიგი ყრილობა გამართა და რაულ ხაჯიმბას გადადგომისთვის 16-დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ოპოზიცია ირწმუნება, სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი იქნება.

ასლან ბჟანია; ფოტო: ekhokavkaza

ასლან ბჟანია; ფოტო: epa

მასალების გადაბეჭდვის წესი