ახალი ამბები

პრეზიდენტის რეაქცია პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოებზე

19 სექტემბერი, 2012 •
პრეზიდენტის რეაქცია პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოებზე

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ პრეზიდენტის მიმართვის ტექსტს:

“ძვირფასო თანამოქალაქენო, ისე, როგორც ალბათ ყყველა თქვენგანი, იმ კადრების ხილვის შემდეგ, რომელიც ვრცელდება ტელევიზიებით, მე ვარ ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე ძალიან შოკირებული. ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, ეს არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამის ორგანიზატორია, ყველა, ვინც ამის განმახორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და ყველა, ვინც ეს დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც აუცილებლად წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენდა კავშირს დამნაშავეებსა და კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. დღეს მე მინდა განვუცხადო ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს, ოჯახის წევრებს და მთლიანად საზოგადოებას: საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად, არ მოითმენს არც რაიმე დანაშაულს, არც რაიმე კლიმატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამასთან მიახლოებული მოვლენაც კი. არ მოითმენს სისასტიკეს, არ მოითმენს თავგასულობას, არ მოითმენს იმ ყველაფერს, სამწუხაროდ, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ.

ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია მთელი წლები, დანაშაულის, დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიციაში ყველგან ამოვძირკვეთ წამება, ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში, ან ვინმე ორგანიზებული დანაშაულიდან აფათურებდეს ხელს, ან კიდევ უფრო უარესი–თვითონ პენიტენციური სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში ყველა იმ ღონისძიების შემდეგ, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში განვახორციელეთ. 

ის, ვინც იყვნენ პასუხისმგებლები, რომ ეს არ დაეშვათ, განთავისუფლებული იქნებიან სამსახურიდან. ხოლო ის, ვინც ეს

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

ჩაიდინა, მე გაძლევთ ამის სიტყვას, მრავალ წელს გაატარებს ციხეში. მთელი იდეა ახალი საქართველოსი არის უარყოფა და გამიჯვნა ძალადობისგან, ყველაფერ იმისგან, რაც წარსულში ხდებოდა ორგანიზებული დანაშაულის, ასევე, ძალადობის კუთხით დამნაშავეების მხრიდან და ასევე, სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ, ეს ყველაფერი მოვიტოვეთ უკან მთლიანობაში და ნამდვილად არ მოვითმენ იმის რეციდივებს, რომ რამე ფორმით ეს ხელახლა განმეორდეს ახალ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ. მე დავავალე შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ, მისცენ პასუხისგებაში, უკლებლივ ყველა გამოიყვანონ სააშაკარაოზე და მთელი ინფორმაცია სრული სახით წარუდგინონ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ითხოვს სამართლიანად, ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, სახელმწიფო ორგანოებისგან პასუხის გაცემას. 

მე პირადად უზრუნველვყოფ, რომ ამ სისტემაში ადამიანების უფლებები იქნეს დაცული როგორც კრიმინალებისგან, ასევე, სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, როგორც ნამდვილი მაფიის წევრები, თვითონ ისე მოქმედებენ. მე ამამს გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართელოში, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ, ყველა ადამიანს აქვს უფლება სმაართლიანი, ღირსეული მოპყრობის და მისი ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის, მისი ადამიანობის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ფაქიზი დამოკიდებულების. ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი