“უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე კვირაა შსს–ს მიერ მიმდინარეობს გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის შესახებ და ამ გამოძიებამ შემზარავი სურათი გვაჩვენა. ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. პირველ რიგში, შემაშფოთებელია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევებს და ასეთ ფაქტებს საერთოდ ადგილი ჰქონდა. მეორე რიგში, რა თქმა უნდა, შემზარავია ასევე ისიც, რომ ადამიანების უფლებების დარღვევის შეკვეთა და ასეთი დარღვევების გადაღება ხდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევებს სასჯელაღსრულების სისტემაში. კადრები, რომლებიც დღეს ჩვენ ვიხილეთ, არის ერთიანი საქმის ნაწილი და ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი არის ის, რომ ყველა პირი, რომელიც არის დამნაშავე და რომელმაც მოახდინა მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა, იყოს შესაბამისად დასჯილი”, – განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, “უფლებადამცველები სულ საუბრობდნენ პატიმართა უფლებების დარღვევაზე, თქვენთვის ეს ახლა გახდა ცნობილი?” – მინისტრმა კალმახელიძემ უპასუხა:
“მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად და ჩვენი სამინისტროსთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო ადამიანების უფლებების დაცვა. რა თქმა უნდა, ამისკენ იყო მიმართული ყველა ის რეფორმა, რაც მიმდინარეობდა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინიციატივით შექმნილი იყო ჯგუფი, რომელიც სწავლობდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფატქებს სასჯელაღსრულების სისტემაში. ჩვენ რამდენიმე ხანია გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა სიტუაციების შეკვეთას, იყო მცდელობა არეულობის შეკვეთის და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებდა შესაბამის რეაგირებას ჩვენი მხრიდან და ჩვენ არასდროს არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას, ჩვენ წარსულშიც გვქონდა და მომავალშიც გვექნება, მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა უკავია ადამიანს, შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში”.
“შეიძლება, რომელიმე ადამიანი გაიყიდოს ფულზე, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემა ფულზე არ გაიყიდება. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ადამიანი იქნება ამაში ჩართული, არა აქვს მნიშვნელობა მომავალში, რამდენი ადამიანის მონაწილეობა გამჟღავნდება. რაოდენობას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, ყველა დაისჯება შესაბამისად და ძალიან მკაცრად.
მე მესმის, რომ ოჯახის წევრებისთვის ძალიან მძიმე არის ასეთი სურათის ნახვა, ჩემთვის პირადად ეს არის შემზარავი და ძალიან ვგმობ ასეთ საქციელს. მე ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი და ყველა ჩვენი რეფორმა მიმართული იყო იქითკენ, რომ დაგვენერგა ევროპული სტანდარტები და ჰუმანურ პრინციპებზე აგებული სასჯელაღსრულების სისტემა. მე მინდა დავამშვიდო მშობლები და ვთქვა, რომ ამ წუთისთვის გვაქვს სიტუაცია სრულ კონტროლზე და ასეთ ქმედებას ადგილი არ ექნება”, – განაცხადა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიებმა “მეცხრე არხმა” და “მაესტრომ” 18 სექტემბერს გაავრცელეს გლდანის ციხეში პატიმართა

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა. რამდენიმე საათით ადრე კი შსს–მ აც გაავრცელა მსგავსი ვიდეოკადრები და განაცხადა, რომ ციხის თანამშრომლები პოლიტიკურად მოტივირებულმა პირებმა მოისყიდეს, რათა მათ სპეციალურად ეწამებინათ პატიმრები და ვიდეო გადაეღოთ.