ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია

19 სექტემბერი, 2012 •
ირაკლი ღარიბაშვილი: თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია

“ბინძური, საშინელი კადრები გაავრცელეს ტელეკომპანია “იმედმა”, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა, “პირველმა არხმა”, ეს არის საშინელი ცილისმწამებლური და მკრეხელური კადრები. რაც ყველაზე ამაღელვებელია და აღმაშფოთებელია, ყველა ის კრიმინალი, რაც დღეს ხდება, აი, ამ ციხეში, დააბრალეს და ცდილობენ დააბრალონ ჩემს სიმამრს, რომელიც დღეს არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი. ეს ადამიანი, მე შეგახსენებთ, რომ დაპატიმრებული არის დაახლოებით უკვე 11 თვის წინ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ის დააკავეს 11 ოქტომბერს, მას, კერძოდ, ჩაუდეს ავტომატი და პოლიციის გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა კრიმინალს, ქურდებს, მას დღეს აბრალებენ საშინელებას, რომელსაც თვითონ ეს ხელისუფლება სჩადის. მე მინდა აქვე გავაკეთო სპეციალური განცხადება, დღეს ჩემი სიმამრის სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ, თუ რაიმე მოხდება, პირადად დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა სააკაშვილს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა

დღეს დილით, ვიდრე ტელეკომპანია “მაესტრო” და “მე-9 არხი” პატიმრების წამების ამსახველ ვიდეომასალას გაავრცელებდნენ, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებს პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე–10 ნომრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და ამავე კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი უკვეთავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი