ნეტგაზეთი | 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება – Netgazeti
RU | GE  

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივსაცემად. საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, 2016 წელს ამ დღის თემაა „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის 17 მიზნის მიღწევა მომავლისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა“.

გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის მისალმებაში განაცხადა, რომ აღნიშნული 17 მიზნის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობისა და სრული ინკლუზიის უზრუნველყოფა მათ მიმართ არსებული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზით.

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ძალაში  2014 წლის 12 აპრილს შევიდა. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, საქართველოში გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ორი წლის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემა დგას, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა კონვენციის აღსრულების ქმედითი მექანიზმის შექმნა და დასახელებული დოკუმენტის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. “სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის არ არის უზრუნველყოფილი  ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობა”, – აცხადებს ომბუდსმენი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს წინაშე არსებული ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება; ასევე, ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. საგანმანათლებლო პროცესი სრულად არ მოიცავს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში.

“ქვეყანაში არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საჭირო სტატისტიკის წარმოება და კვლევითი მონაცემების შეგროვება, რაც აუცილებელია კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებისა და უზრუნველყოფის საქმეში”, – აცხადებს ომბუდსმენი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც:

“ბუნების კანონია, რომ ერთი უნარის შეზღუდვის სანაცვლოდ ადამიანს სხვა უნარები ეძლევა უხვად. ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება სწორედ თქვენი შესაძლებლობების პატივისცემას ეფუძნება. ღრმად მწამს, რომ თქვენი ნიჭისთვის ფართო გზის მიცემა, თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა აუცილებელია როგორც თქვენი ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე – საზოგადოების სიჯანსაღისა და ყოველხმრივი განვითარებისთვის. ამიტომ, პირობათა შექმნა საიმისოდ, რომ თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდეს და საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს, ყველა ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა”, – პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღნიშნავს გაეროს ინიციატივით.

ფოტო გადაღებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა საერთაშორისო დღეს. ესპანეთი, მადრიდი. © EPA 03.12.2014

ფოტო გადაღებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა საერთაშორისო დღეს. ესპანეთი, მადრიდი. © EPA 03.12.2014

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com