ახალი ამბები

ივანიშვილი: თამაზაშვილი უპატიოსნესი ადამიანია

18 სექტემბერი, 2012 • 980
ივანიშვილი: თამაზაშვილი უპატიოსნესი ადამიანია

ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა ივანიშვილი დღეს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებისთვის თამაზაშვილის მიერ პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვის დაკვეთის თაობაზე, რის შედეგადაც პოლიციამ საპყრობილის რამდენიმე თანამშრომელი დააკავა.

 

“თამაზაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის პირველივე პერიოდში დააკავეს, მე მას ძალიან ახლოს ვიცნობ, ვიცი, რომ უპატიოსნესი ადამიანია. ეს არის მორიგი ავანტიურა, რომელსაც აწყობენ და მე ყველას ფეხზე დავაყენებ, რომ მას რამე არ დამართონ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის  ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან”.

 

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე–10 ნომრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და ამავე კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამა – თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს და მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ ტარებისთვის წაუყენეს. სასამართლომ თამაზაშვილი დამნაშავედ სცნო და 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თამაზ თამაზაშვილი კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი შსს-ს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი