აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია კომპანიების – ვაკე 5“–სა და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, რომელიც თაღლითობის მუხლით არის გასამართლებული. ის ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.
„ჩვენ გთავაზობთ 140-ზე მეტი სხვადასხვა მეწარმისა და ბიზნესმენის სიას, რომლებიც სწორედ ურჩობის და ხარკზე უარის თქმის გამო დაიჭირეს და სხვადასხვა მუხლით შეუთითხნეს დანაშაული. აქ ჩამოთვლილი ადამიანებიდან ზოგი უკვე თავისუფალია, თუმცა, გაძარცვული და უკვე გაკოტრებული, უმრავლესობა კი მისჯილ სასჯელს იხდის“, – ნათქვამია „ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უფლებადამცველთა საინიციატივო ჯგუფის თქმით, ბიზნესმენთა დიდი ნაწილი სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით იხდის, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. ამის მერე „ლიდერობს“ 194-ე მუხლი, რაც კვალიფიცირდება, როგორც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულის გათეთრება. ბევრია დაპატიმრებული 180-ე მუხლის (თაღლითობა) ფარგლებში; 182-ე მუხლითაც (მითვისება ან გაფლანგვა) ბევრი მეწარმე ისჯება. გასამართლებული არიან 286-ე (ეგმ-ის სისტემის ექსპლუატაციის წესების დარღვევა) მუხლის ფარგლებში.
„ტრაგიკომიკურია, როცა მეწარმეებს წაყენებული აქვთ 314–ე (ჯაშუშობა), 260-ე (ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაული), 223-ე (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ან/და მასში მონაწილეობა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, ჭარბობს 193-ე (ცრუ მეწარმეობა) და 214 -ე (საბაჟო წესების დარღვევა) მუხლებიც. ამას გარდა, კიდევ სხვადასხვა კვალიფიკაციით არიან ბიზნესმენები გასამართლებული“, – აცხადებენ ბიზნესმენთა უფლებადამცველები.
მათივე თქმით, მთლიანობაში, წაყენებული მუხლების ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ დაპატიმრებულ ბიზნესმენთა უმრავლესობას დანაშაული სინამდვილეში არ ჩაუდენიათ და ცრუ ბრალდებები შეუთითხნეს, ან ჩადენილი აქვთ ისეთი მცირე გადაცდომა, რომლისგანაც ჩვეულებრივ სიტუაციაში მოქალაქე დაზღვეული არ არის და რომ არა შურისძიების ინტერესი, ეს მცირე დანაშაული შეუმჩნეველიც კი დარჩებოდა.
საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ სიაში არიან ბიზნესმენები: რონი ფუქსი, ზეევ ფრენკელი, ქიბარ ხალვაში, დავით ბეგიაშვილი, „მთაწმინდის პარკის“ პროექტების მენეჯერი გიორგი გეგელია, შპს „ელექტროსტანდარტის“ დირექტორი რუსლან გალოგრე, ზვიად ხარებავა და ა.შ.