ახალი ამბები

პატიმართა წამების საქმეში მონაწილეობას უარყოფს პოლიციის მიერ შუამავლად გამოცხადებული პირი

18 სექტემბერი, 2012 •
პატიმართა წამების საქმეში მონაწილეობას უარყოფს პოლიციის მიერ შუამავლად გამოცხადებული პირი

შსს-ს ცნობით, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.

 

შს მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის თქმით, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, “ელიზი-ჯგუფის” მფლობელი არ დაუკავებიათ. 

 

თავად ელიზბარაშვილი, რომელიც ორი წლის წინ თანამდებობის პირთა მოქრთამვის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით, საპროცესო შეთანხმების შედეგად, 6 მილიონი ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, “ნეტგაზეთთან” საუბარში კატეგორიულად უარყოფს რაიმე ფორმით მის მონაწილეობას იმ დანაშაუალში, რომლის შესახებაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.

 

ასე აწამებდნენ პატიმარს გლდანის ციხეში/კადრი შსს–ს ვიდეომასალიდან
ასე აწამებდნენ პატიმარს გლდანის ციხეში/კადრი შსს–ს ვიდეომასალიდან

“პოლიციას არ დავუკითხივარ ამ საკითხზე, გაოგნებული ვარ, ჟურნალისტებისგან გავიგე ეს ამბავი”, – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

 

შსს–ს ცნობით, გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.

 

მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის  ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ  დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.

 

თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ არანაირი შეხება არ ჰქონია თამაზ თამაზაშვილთან და მას არც კი იცნობს:

 

“საერთოდ არ ვიცნობ თამაზ თამაზაშვილს, მასთან შეხებაც არ მქონია. მე ვიცნობდი ბედუკაძეს. მე რომ ვიყავი  გლდანის ციხეში, ერთადერთი ბადრაგი იყო, რომელიც მეპყრობოდა ნორმალურად არა მარტო მე, არამედ სხვა პატიმრებსაც. ძალიან პატივს სცემდნენ ამ ბიჭს, რადგან პატიმრებს ეპყრობოდა ადამიანურად.

 

მე რაც ციხიდან გამოვედი, ფინანსურად ვეხმარები ბედუკაძეს. მას ყოველ თვე 200 ლარს ვურიცხავდი თავის ბარათზე პატივისცემის ნიშნად, მას ორი ბავშვი ჰყავს, ნამდვილი ვაჟკაცია. ვფიქრობ, რომ რადგან ბედუკაძე ფიგურირებს, ალბათ, შეამოწმეს გადარიცხვები და ამიტომ დამაკავშირეს, მაგრამ მე არაფერს დაფარულად არ ვაკეთებდი, ოფიციალურად ვურციხავდი ამ თანხას”, – ამბობს ელიზბარაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

ელიზბარაშვილის შვილი დღემდე პატიმარია. ორი წლის წინ თამაზ ელიზაბარაშვილი, მისი რძალი სალომე ივანიშვილი და მეგობარი სწორედ იმ ბრალდებით დააკავეს, რომ სცადეს ფსიქიატრების მოსყიდვა, რათა მათ თამაზ ელიზბარაშვილის პატიმარი შვილისთვის სპეციალური ცნობა დაემზადებინათ, რის საფუძველზე ელიზბარაშვილის შვილი ციხეს დატოვებდა.

 

“ჩემი რძალი, სალომე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, მე პოლიტიკაში არ ვერევი და არანაირი კავშირი არ მაქვს “ქართულ ოცნებასთან”. ჩემი შვილი ქუთაისის მეორე ციხეში იხდის სასჯელს”, – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.

 

პოლიცია აცხადებს, რომ ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი  ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს  ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა, ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.

 

გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან: გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის და დეპუტაობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს და მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ ტარებისთვის წაუყენეს. სასამართლომ თამაზაშვილი დამნაშავედ სცნო და 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თამაზაშვილის ადვოკატი და ასევე “ქართული ოცნების” ლიდერები თამაზაშვილს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულად მიიჩნევენ.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების მიერ ძალოვანი უწყების თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობენ.

 

შსს-მ  2012 წლის ივნისში ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორი ლაშა კურტანიძე მოისყიდა ”ქართული ოპცნების” წევრის, ირაკლი სესიაშვილის მეგობარმა ზაზა ჭელიძემ და მას თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა დაავალა გარკვეული ფინანსური ანაზრაურების სანაცვლოდ. 

 

პოლიციის ინფორმაციით, ლაშა კურტანიძის აღნიშნული ქმედება სამართალდამცავებმა გამოავლინეს, რის შემდეგაც მან გამოიძებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, აღიარებითი ჩვენებაც მისცა, თუმცა მოგვიანებით ზაზა ჭელიძე გააფრთხილა და თვითონ მიიმალა. სამართალდამცავებმა ზაზა ჭელიძე უკვე დააკავეს, კურტანიძეზე კი ძებნა გამოაცხადეს.

 

მაშინ პოლიციის განცხადების საპასუხოდ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

 

”კურტანიძე-ჭელიძის საქმესთან დაკავშირებით გვინდა, ხელისუფლების საყურადღებოდ აღვნიშნოთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ არ საჭიროებს რაიმე ჩანაწერებს და, მით უმეტეს, მათი მოპოვების ორგანიზებაში მონაწილეობას. ჩვენთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, თუ რა განწყობა სუფევს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიციაში. ასეთი ტიპის უამრავი ინფორმაცია შემოდის ყოველდღიურად კოალიციაში მხარდამჭერების და მოხალისეების მხრიდან, რაც ქმნის აბსოლუტურად ნათელ სურათს საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის შესახებ. პირიქით, ხელისუფლებას კურტანიძე-ჭელიძის საქმე თავად სჭირდება ჩვენი კოალიციისთვის ჩრდილის მისაყენებელად, მაგრამ ამგვარი მეთოდები უკვე აღარ ჭრის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პატიმარ ადამიანს იყენებს იარაღად ამ ბინძურ საქმეში”.

 

შინაგან  საქმეთა სამინსიტროს განცხადების შემდგ ბრიფინგი გამართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ.

 

“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურები სრულ კოორდინაციაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინსიტროსთან. ამ შემთხვევაში ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, გამოგვევლინა დამნაშავეების ის ჯგუფი, რომლებიც ციხეებში მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ხარჯზე ახდენდნენ ჩვენი სისტემის დისკრედიტაციას. სამწუხაროა, რომ ჩენს სისტემაში დღემდე მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც კორუფციული, დანაშაულებრივი გზების მეშვეობით ხელყოფდნენ მსჯავრდებულთა უფლებებს.

თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წლების წინ. ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის სრულიად შემზარავი და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ჩვენი უმთავრესი მიზნის რეალიზაციისთვის, რასაც ჰქვია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ჰუმანიზმის პრინციპებზე აგებული სასჯელაღსრულების სისტემა.

მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აბსოულუტურად შეურიგებლები ვიქნებით ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედების მიმართ, პატიმართა უფლებების დაცვა არის და იქნება ამ სამინისტროს და სისტემის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენ არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელი შეგვიშალოს მსჯავრდებულთა უფლებების დაცვაში. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვინც გარედან ცდილობს პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი კანონის ფარგლებში,” – განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი