ახალი ამბები

შსს ცნობით,

18 სექტემბერი, 2012 •
შსს ცნობით,

აღნიშნულის შესახებ შსს–მ განცხადება დღეს, 18 სექტემბერს გამოაქვეყნა. შსს–ს ცნობით, გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე,  ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.

 

მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ   პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის  ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ  დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.

 

შს მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის ცნობით, შპს “ელიზი ჯგუფის” მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებული არ არის. შეგახსნებთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც თბილისში ძაღლთა თავშესაფარსაც ფლობს, 2010 წელს უკვე დაკავებული იყო თანამდებობის პირთა მოქრთამვის ბრალდებით. სამართალდამცავთა ცნობით, ელიზბარაშვილმა რძალთან, სალომე ივანიშვილთან და მეგობართან ერთად სცადა ფსიქიატრების მოსყიდვა, რათა მათ თამაზ ელიზბარაშვილის პატიმარი შვილისთვის სპეციალური ცნობა დაემზადებინათ, რის საფუძველზე ელიზბარაშვილის შვილი ციხეს დატოვებდა. თამაზ ელიზბარაშვილი, მისი რძალი და მეგობარი, ციხიდან რამდენიმე თვეში, ფულის, 6 მილიონის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

პოლიცია აცხადებს, რომ ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი  ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს  ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.

 

გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება.

 

შეგახსნებეთ, რომ სამართალდამცავებმა კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და დეპუტაობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს და მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ ტარებისთვის წაუყენეს. სასამართლომ თამაზაშვილი დამნაშავედ სცნო და 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თამაზაშვილის ადვოკატი და ასევე, “ქართული ოცნების” ლიდერები თამაზაშვილს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულად მიიჩნევენ.

 

ეს არ არის ირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების მიერ ძალვანი უწყების თანამშრომლების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობენ.

 

შსს-მ  2012 წლის ივნისში ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორი ლაშა კურტანიძე მოისყიდა ”ქართული ოპცნების” წევრის, ირაკლი სესიაშვილის მეგობარმა ზაზა ჭელიძემ და მას თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა დაავალა გარკვეული ფინანსური ანაზრაურების სანაცვლოდ. 

 

პოლიციის ინფორმაციით, ლაშა კურტანიძის აღნიშნული ქმედება სამართალდამცავებმა გამოავლინეს, რის შემდეგაც მან გამოიძებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, აღიარებითი ჩვენებაც მისცა, თუმცა მოგვიანებით ზაზა ჭელიძე გააფრთხილა და თვითონ მიიმალა. სამართალდამცავებმა ზაზა ჭელიძე უკვე დააკავეს, კურტანიძეზე კი ძებნა გამოაცხადეს.

 

მაშინ, პოლიციის განცხადების საპასუხოდ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” განცხადება გაავრცელა, სადა წერია:

 

”კურტანიძე-ჭელიძის საქმესთან დაკავშირებით, გვინდა, ხელისუფლების საყურადღებოდ აღვნიშნოთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ არ საჭიროებს რაიმე ჩანაწერებს და, მით უმეტეს, მათი მოპოვების ორგანიზებაში მონაწილეობას. ჩვენთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, თუ რა განწყობა სუფევს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიციაში. ასეთი ტიპის უამრავი ინფორმაცია შემოდის ყოველდღიურად კოალიციაში მხარდამჭერების და მოხალისეების მხრიდან, რაც ქმნის აბსოლუტურად ნათელ სურათს საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის შესახებ. პირიქით, ხელისუფლებას კურტანიძე-ჭელიძის საქმე თავად სჭირდება ჩვენი კოალიციისთვის ჩრდილის მისაყენებელად, მაგრამ ამგვარი მეთოდები უკვე აღარ ჭრის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პატიმარ ადამიანს იყენებს იარაღად ამ ბინძურ საქმეში”. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი