ებანოიძე მიიჩნევს, რომ პანიკა რეფორმის დაგვიანებულმა დაანონსებამ გამოიწვია

რესპუბლიკური პარტიისა და მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მთავრობას ახალი ეკონომიკური ხედვები უფრო ადრე უნდა დაეანონსებინა, რის შედეგადაც ყველას მეტი დრო ექნებოდა მსჯელობისთვის.

ნოდარ ებანოიძე ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას აცხადებს, რომ ახალი რეფორმის დაანონსებას სჭირდება სიფრთხილე, ხოლო კითხვაზე, თუ ვინ გამოიწვია ლარის კურსთან დაკავშირებით პანიკა, პასუხობს:

“მე მტკიცე აზრი მაქვს ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმის დაანონსებას სჭირდება სიფრთხილე. თანაც ახლა, რა გარემოებებში მოხდა [რეფორმის] დაანონსება: ჩვენ სულ ახლახან, ორი თვის უკან გვქონდა საარჩევნო კამპანია, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. არავითარი გზავნილი არც ამომრჩეველს, არც სხვას მიუღია იმასთან დაკავშირებით, რომ ლაპარაკი მიდიოდა [რეფორმაზე]. ლიბერალურ ეკონომიკაზე ვთქვით უარი და მართვად, რეგულირებად ეკონომიკაზე გადავიდეთ – ამის მსგავსი გზავნილი არ ყოფილა. ასეთ სერიოზულ, გინდ რევოლუციური დავარქვათ, მიმართულებას, ბუნებრივია, სიფრთხილით გადაცემა სჭირდებოდა.”

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ახალი ეკონომიკური რეფორმის შესახებ მეტი დიალოგი იყო საჭირო და მთავრობას უფრო მეტად უნდა ეზრუნა საზოგადოების ინფორმირებაზე. მისი თქმით, როცა განცხადებას აკეთებ, მას თავისი შედეგები მოჰყვება.

“ერთ–ერთ ეთერში ვიყავი გუშინ, სადაც ითქვა, რომ არ უნდა გაეჟღერებინათ ეს [ეკონომიკური ხედვები]. რა არ უნდა გაემჟღავნებინათ? ბიუჯეტი შემოვიდა და რომ ნახავ: ავტომობილებთან, სიგარეტთან, აქციზთან არის დაკავშირებული და ამაზეა აგებული პარამეტრი, ამას როგორ დამალავ? აქედან გამომდინარე, მეტი დიალოგი და ინფორმაცია  უნდა ყოფილიყო. რასაკვირველია, ადამიანია, ექსპერტია, სპეციალისტია, აკადემიური წრეების წარმომადგენელია – ის თუ თავის აზრს გამოთქვამს რისკებთან დაკავშირებით… როცა განცხადებას აკეთებ, მას თავისი რისკები მოჰყვება. იცით, რომ სადისტრიბუციო კომპანიები დიდი ალბათობით დააგროვებენ რეზერვებს; ახალი წელი მოდის, მოთხოვნა იზრდება და, ბუნებრივია, დამატებით დაწოლა იქნება ლართან დაკავშირებით. თუ მხოლოდ იმას ვგულისხმობთ, რომ სიგარეტის მწეველთა რიცხვი შემცირდება, სერიოზული რისკი ჩნდება კონტრაბანის და შავი ბაზრის,” – აცხადებს ებანოიძე “პირველთან” საუბრისას.

1 დეკემბერს ლარი დოლართან მიმართებით კიდევ უფრო გაუფასურდა და 1.53 ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიცლიალური კურსით, 2 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ფასი 2.5871 ლარია. ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა და მისი ფასი დღეს 2.7491 ლარს შეადგენს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.