ახალი ამბებიკინოხელოვნება

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” სანდენსის კინოფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაშია

2 დეკემბერი, 2016 • 24237
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” სანდენსის კინოფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაშია

ქალის ცხოვრება ჯერ კიდევ პატრიარქალურ ქართულ საზოგადოებაში – ასე აღწერს რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი მის და სიმონ გროსის ახალ ფილმს, “ჩემი ბედნიერი ოჯახი”,  რომლის საერთაშორისო პრემიერა “სანდენსის” კინოფესტივალზე 22 იანვარს შედგება. ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.  საერთაშორისო საკონკურსო კატეგორიაში “მსოფლიო კინოს დრამატული კონკურსი” ქართული ფილმი სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 12 კინოსურათს შორის მოხვდა.

ფესტივალი 1978 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და ყოველწლიურად იმართება. როგორც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, ზურაბ მაღალაშვილი აღნიშნავს, “სანდენსის” საკუნკურსო პროგრამაში ქართული ფილმის მოხვედრა დიდი წარმატებაა. თავად კინოფესტივალი კი ისეთი ცნობილი რეჟისორების წარმატებული კარიერის დასაწყისს უკავშირდება, როგორებიც ძმები კოენები, ჯიმ ჯარმუში და კვენტინ ტარანტინო არიან.

"ჩემი ბედნიერი ოჯახის" რეჟისორები სიმონ გროსი და ნანა ექვთიმიშვილი 2.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ჩემი ბედნიერი ოჯახის” რეჟისორები სიმონ გროსი და ნანა ექვთიმიშვილი 2.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ძალიან  კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ ფილმმა დაიწყოს, ასე ვთქვათ, მოგზაურობა, სხვადასხვა ფესტივალები იქნება თუ გაყიდვები სხვადასხვა ქვეყანაში. ფილმი მაშინ იბადება ხოლმე, როდესაც მას მაყურებელი ხედავს დიდ ეკრანზე. მე არასდროს არ ვყოფილვარ სანდენსის კინოფესტივალზე, არც როგორც სტუმარი, მაგრამ რაც ვიცი პრესისგან და ჩემი კოლეგებისგან, მას ჰყავს ძალიან საინტერესო მაყურებელი და იმედი მაქვს, საერთაშორისო მაყურებელი ამ ფილმს მიიღებს”, – ამბობს რეჟისორი.

ნანა ექვთიმიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული საზოგადოება ქართულისგან განსხვავდება, ქალების პრობლემები არც მათთვისაა უცხო, რაც პარალელების გავლების შესაძლებლობას იძლევა.

კადრი ფილმიდან "ჩემი ბედნიერი ოჯახი".

კადრი ფილმიდან “ჩემი ბედნიერი ოჯახი”.

ფილმი თბილისურ ოჯახზე მოგვითხრობს, სადაც სამი თაობა ცხოვრობს. მთავარი გმირის, მანანას როლს ია შუღლიაშვილი ასრულებს. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, განსხვავებული თაობის ადამიანები ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებენ, რაც ზოგჯერ დრამატულ, ხანდახან კი კომიკურ სიტუაციებს ქმნის:

“ფილმი ძირითადად იმაზეა, ჩვენს ჯერ კიდევ პატრიარქალურ საზოგადოებაში როგორ შეუძლია ქალს იცხოვროს ისე, როგორც  მას თავად უნდა, გათავისუფლდეს მარწუხებისგან და იმ როლისგან, რასაც  მას საზოგადოება აკისრებს – ქალი როგორც დედა, ქალი როგორც მეუღლე, რომელმაც ყველაფერი მხრებით უნდა ატაროს. რამდენად აქვს ამ საზოგადოებაში ქალს საკუთარი სივრცე და იმ განსხვავებებზე, რაც სამ თაობას შორისაა, რომელიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს” – ამბობს ნანა ექვთიმიშვილი.

კადრი ფილმიდან "ჩემი ბედნიერი ოჯახი".

კადრი ფილმიდან “ჩემი ბედნიერი ოჯახი”.

“ოჯახის ღერძი”- ასე ხედავს საკუთარ პერსონაჟს ია შუღლიაშვილი. ია შუღლიაშვილის პერსონაჟი ქართული ენისა და ლიტერატურის 52 წლის მასწავლებელია, რომელიც ოჯახიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს. როგორი რეაქცია მოჰყვება ამას მეგობრების, ოჯახის წევრების მხრიდან, როგორ იღებს საზოგადოება ცვლილებებს, ფილმი სწორედ ამის შესახებ გვიამბობს:

“ის არის  ძლიერი ქალი, რომელიც გარკვეულ ასაკში იღებს გადაწყვეტილებას, რომ თავის ცხოვრებას მიხედოს. ამით არავის არაფერს უშავებს, თუმცა ოჯახის ყველა წევრს ჰგონია, რომ ძალიან დიდ დანაშაულს ჩადის. თუმცა სიძლიერე, რომელიც ამ ქალს გააჩნია, მჟღავნდება ბოლოს და ჩანს,  რომ მართლაც ძალიან ძლიერი ქალია” – ამბობს მსახიობი.

კადრი ფილმიდან "ჩემი ბედნიერი ოჯახი".

კადრი ფილმიდან “ჩემი ბედნიერი ოჯახი”.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის მეორე საერთო ნამუშევარია. მათი ფილმი “გრძელი ნათელი დღეები” (In Bloom), არაერთი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ის ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის პრიზის მფლობელია.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” საფრანგეთისა და გერმანიის კინოფონდების მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველოს სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” მონაწილეა.

კადრი ფილმიდან "ჩემი ბედნიერი ოჯახი".

კადრი ფილმიდან “ჩემი ბედნიერი ოჯახი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი