ახალი ამბები

შეცვალა თუ არა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო რიტორიკა

17 სექტემბერი, 2012 • • 1314
შეცვალა თუ არა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო რიტორიკა

14 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის ეზოდან განაცხადა: 

“ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები, იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად, ხშირად იყენებენ ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას.  ხშირად, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები კი არა, ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ… მოდით, ნუ შევუშინდებით ერთიანობას, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ამით ყველას – ერსაც და ბერსაც, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ – ყოველი ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის “ქრისტიან-დემოკრატი” თუ “ლეიბორისტი”, “ნაციონალი” თუ “მეოცნებე”, “მემარჯვენე” თუ მემარცხენე.”

 

ოპოზიციის მიმართ, ასევე, ტოლერანტული და არა ანტაგონისტური ტონი იგრძნობოდა პრეზიდენტის გამოსვლაში 16 სექტემბერს, ბაგრატის ტაძრის კურთხევის შემდეგ:

 

“თუ ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ისე, როგორც ახლა ვდგავართ ამ ტაძარში, როგორც ახლა აღვავლენთ ლოცვას ერთმანეთის მხარდამხარ და  აღვნიშნავთ ამ ტაძრის აღდგენას, ჩვენ აღვადგენთ ერთიან, ძლიერ საქართველოს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”, – განაცხადა 16 სექტემბერს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძარში, სადაც ოპოზიციის ლიდერები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ პატრიარქის ინიციატივით.

 

პრეზიდენტის ეს ბოლო საჯარო განცხადებები მკვეთრად განსხვავდება მისი წინა გამოსვლებისგან ოპოზიციის მისამართით. მაგალითად, 8 სექტემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

“1 ოქტომბერი ჩვენი მტრის ბოლო გაფართხალება და ბოლო რუბიკონია. ჩვენ მოწინააღმდეგეებს უნდათ, თბილისს წაართვან შენობები, ქუთაისს – პარლამენტი, სამეგრელოს – ლაზიკა. ნურას უკაცრავად! არ გამოვა ეს საქმე. ვინც არ უნდა იყვნენ, რა ჰომსზეც არ უნდა გველაპარაკონ, რა არეულობაზეც არ უნდა გველაპარაკონ ყოფილი ვითომ გენერლები, ყოფილი ვითომ უშიშროების თანამშრომლები, დედაჩემის გვარი მაინც არ ჰქონდეს ერთ-ერთს, სამეგრელო სხვა არის და სამეგრელო ამას ვერ მიიღებს”.

პრეზიდენტმა ერთ–ერთ გამოსვლაში ოპნენტებს “პოლიტიკური მუმიებიც” კი უწოდა:

 

“ვიღაც ძველები კი არა და ჯოჯოები, მართლა პოლიტიკური მუმიები, რომლებიც საიდანღაც ამოძვრნენ, ამოფხიკეს და ყველა ერთად შეკრიბეს, კიდევ უფრო დაღვრემილი და ჩასისხლიანებული თვალებით, რამდენი ხანია არაფერი მოუპარავთ და არავინ გაუძარცვავთ. ეწყინათ მუმიები… პოლიტიკური მუმიები არიან აბა რა, მაგრამ პოლიტიკური მუმიები უკან მხოლოდ მუმიებზე გადაღებულ საშინელებათა ფილმებში ბრუნდებიან, ჩვენ კი, ნორმალური ხალხი გვინდა და რაც მთავარია, ყველამ უნდა გავუხსნათ ახალგარდობას გზა იმისათვის, რომ ისინი აღარ დაბრუნდნენ და აზრადაც არ გაივლონ, რომ როდესმე ხელახლა დაბრუნება და გაძარცვა შეეძლებათ”.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი თინა ხიდაშელი პრეზიდენტის რიტორიკის შეცვლას გარკვეულწილად საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირებს: 

“რა თქმა უნდა, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელი განცხადებებისა და გამოქვეყნებული ანგარიშების შედეგი. თუმცა, ეს არის მორიგი ფარისევლობა მიშას მხრიდან. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი რამდენიმე დღით კეთილი ხდება. მთავარი ის კი არ არის, ბოლო ორი დღე რაზე საუბრობს, მთავარი ის არის რას ლაპარაკობდა და როგორ იქცეოდა 11 თვის განმვლობაში, წინა 8 წელზე რომ აღარაფერი ვთქვათ”, – განაცხადა ხიდაშელმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ 12 სექტემბერს გამოხატა სერიოზული შეშფოთება ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოში გაზრდილი პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის მიმართ, რომელიც მათი შეფასებით წინასაარჩევნო კამპანიას ჩრდილავს:

 

“მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი ნეგატიური კამპანიისაგან და ფოკუსირება მოახდინონ ამომრჩეველთა ინფორმირებულობაზე, გააცნონ მათ პარტიების შეხედულებებისა და პლატფორმების შესახებ”, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციის 12 სექტემბრის განცხადებაში.

 

უფრო ადრე, 10 სექტემბერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია:

 

“წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებულია… ხანდახან კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის წარმოჩენის მაგივრად წინასაარჩევნო კამპანია ერთის მხრივ თანამდებობის და მეორეს მხრივ კერძო ფინანსური რესურსების გამოყენებაზე ფოკუსირდება”.

 

პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში შერბილებული რიტორიკის მიუხედევად, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი თინა ხიდაშელი არ მოელის, რომ დარჩენილ წინასაარჩევნო პერიოდს მმართველი პარტია განსხვავებული სტრატეგიით გააგრძელებს:

 

“მე რაიონში ვმუშაობ, იქ ვიყრი კენჭს და ყოველდღე ვხედავ, როგორ “რბილ” მიშა სააკაშვილთან გვაქვს საქმე, როდესაც კუდ-ი, პოლიცია, ადგილობრივი სოც-აგენტები მუდმივად მოსახლეობის დატერორებაში არიან. როგორ იქცევიან რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი გამგებლები, გუბერნატორები, მოდგილეები, საკრებულოს წევრები. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ქვას ისვრის და ამ ქვის სროლაში ფულს უხდიან, ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის, მიშა სააკაშვილი რომელი ეკლესიის კვარცხლბეკზე წამომდგარი რას გვეტყვის და როგორ დაგვმოძღვრავს იქიდან”, – ამბობს ხიდაშელი.

 

“საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს რიტორიკა არ შეუცვლია და წმინდა ადგილზე პრეზიდენტი მოერიდა მკაცრი შეფასებების გაკეთებას:

“პრეზიდენტს რიტორიკა არ შეუცვლია, უბრალოდ, ეს იყო მისი მოწოდება. ბაგრატის ტაძარი არ არის ის ადგილი, სადაც პოლემიკის გამართვა მართებული იქნებოდა. პრეზიდენტის მოწოდება გამოწვეული იყო იმით, რომ გაერთიანდეს ერი და კონფრონტაციას ბოლო მოეღოს. მოგეხსენებათ, ბაგრატის ტაძარი ერთიანობის სიმბოლოა. რაც შეეხება შეცვლილ რიტორიკას, მართალია, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოწოდება არის ყველა მხარისადმი ქვეყანაში გამწვავებულ კონფრონტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რეალობა ის არის, რომ კონფრონტაციის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი გახლვათ თვითონ ბატონი ივანიშვილი. სწორედ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტს გააკრიტიკებს, იმიტომ რომ მატყუარაა”, – აცხადებს ჩიტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი