ახალი ამბები

ახალი სასწავლო წელი სტუდენტების პროტესტით [Video]

17 სექტემბერი, 2012 • 1320
ახალი სასწავლო წელი სტუდენტების პროტესტით [Video]

დღევანდელი აქცია “ლაბორატორია 1918”-ის მიერ იყო ორგანიზებული. ლაბორატორიის წევრები ვარაუდობდნენ, რომ ჩვეულებისამებრ, უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი პირველი კორპუსის ეზოში მიესალმებოდა პირველკურსელებს და ამის პარალელურად იგეგმებოდა აქცია, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მისალმება არ იყო დაგეგმილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფაკულტეტების მიხედვით ხვდებოდნენ პირველკურსელებს. 

 

“ლაბორატორია 1918″–ის წევრები პირველად სააქტო დარბაზში შევიდნენ, სადაც ჰუმანიტარული ფაკულტეტის პირველკურსელები იყვნენ შეკრებილი. სტუდენტები სცენაზე ავიდნენ და დეტალურად განმარტეს თავიანთი მოთხოვნები, რასაც დარბაზიდან ტაშით ეხმაურებოდნენ, თუმცა “ლაბორატორიის” მოწოდებას – შეერთებოდნენ მათ აქციას, არც ერთი პირველკურსელი ენთუზიაზმით არ გამოეხმაურა. 

 

ამის შემდგომ “ლაბორატორიის” წევრებმა ალექსანდრე კვიტაშვილის კაბინეტთან გადაინაცვლეს, სადაც სკანდირებდნენ: “გამოდი, გამოდი”, კვიტაშვილი სტუდენტებთან გამოვიდა, თუმცა ხმაურის გამო გამართული კომუნიკაცია ვერ შედგა, მოგვიანებით რექტორმა განმარტება ჟურნალისტებთან გააკეთა. 

 

ალექსანდრე კვიტაშვილი მხოლოდ ბაზებთან დაკავშირებულ პრობლემას აღიარებს. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას დრო ჭირდება. თუმცა სტუდენტების მთავარი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ “ეს დრო” უსასრულოდ იწელება.

 

კვიტაშვილი არც პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას ეთანხმება. მან განაცხადა, რომ ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა, რომელიც თსუ-ში 2000 წლიდან მუშაობდა, ბოლო წლებში კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იყო, კონკურსი სილაბუსის გამო ვერ გაიარა და ამის გამო აღმოჩნდა უნივერსიტეტს მიღმა. კვიტაშვილის თქმით, გაფრინდაშვილმა წარმოდგენილი უცხოენოვანი სასწავლო მასალის ქართულენოვანი რიდერი ვერ წარმოადგინა.

 

ანდრო ბარნოვთან დაკავშირებით კვიტაშვილი აცხადებს, რომ ის გამოსაცდელი ვადითაა და მისი მუშაობის ერთი თვე არ არის ის დრო, რომ მისი ეფექტური ან არაეფექტური მუშაობის სტილი შეაფასო. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრო ბარნოვი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე ერთი თვის წინ დაინიშნა.

 

სანამ კვიტაშვილი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებდა, სტუდენტები თავინთ აქციას უნივერსიტეტის მეორე კორპუსში აგრძელებდნენ, შემდეგ კი მეექვსე კორპუსთან გადაინაცვლეს, სადაც ანდრო ბარნოვთან შესვლას მოითხოვდნენ. ბარნოვი კაბინეტიდან გამოვიდა და სტუდენტებს ქვემოთ ჩასვლას დაპირდა, მანამდე კი განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა. კვიტაშვილის მსგავსად, არც ბარნოვი იზირებს სტუდენტების მოთხოვნებს, ბაზებთან დაკავშირებული პრობლემის გარდა:

 

“არანაირი პოლიტიკური ზეწოლა უნივერსიტეტში არ არსებობს. რაც შეეხება ბაზების პრობლემას, ჩემი მოსვლის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. მე ყველანაირად შევეცდები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დავამტკიცო, რომ აქ მხოლოდ სამუშაოდ მოვედი”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა. 

 

ბარნოვი სტუდენტებთან გავიდა, თუმცა კონსესუსი მათ შორის არ შედგა. სტუდენტებმა თავიანთი მსვლელობა მესამე კორპუსთან გააგრძელეს. ისინი აუდიტორიებში შევიდნენ და სტუდენტებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს, ხოლო შემდგომ თვითმმართველობაში მივიდნენ და მათაც მოუწოდეს საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ. თვითმმართველობის წევრთა განცხადებით, ისინი აქციას არ შეუერთდებიან:

 

“ჩვენთვის პროტესტის ასეთი ფორმა მიუღებელია ისეთ საკითხებზე, რომელსაც მსჯელობა ჭირდება, ამიტომ აქციას არ შევუერთდებით”, – განაცხადა თვითმმართველობის წევრმა ლევან ჩოხელმა.

 

ბოლოს კი სტუდენტები პირველი კორპუსის აუდიტორიაში შეიკრიბნენ და მომავალი სტრატეგია დასახეს. “ლაბორატორიის” წევრის დიტო ხუსკივაძის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტულ აქციებს ჩაატარებენ და სასწავლო პროცესს ხელს შეუშლიან. მომავალი აქცია ზეგისთვისაა დაგეგმილი. იგივე მოთხოვნებით სტუდენტებმა აქცია პარასკევს, 13 სექტემბერსაც გამართეს.

თსუ-ს სტუდენტების აქცია
თსუ-ს სტუდენტების აქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი