ნეტგაზეთი | ილიაუნის ლექტორი კარლო გოდოლაძე იტალიაში დაღუპული იპოვეს ილიაუნის ლექტორი კარლო გოდოლაძე იტალიაში დაღუპული იპოვეს – Netgazeti

ილიაუნის ლექტორი კარლო გოდოლაძე იტალიაში დაღუპული იპოვეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი კარლო გოდოლაძე ათდღიანი ძებნის შემდეგ იტალიის ქალაქ პადუაში დაღუპული იპოვეს. იტალიური მედიის ცნობით, მისი ცხედარი მდინარემ გამორიყა, რის შემდეგაც თვითმხილველებმა ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს.

26 წლის კარლო გოდოლაძე იტალიაში სასწავლებლად იმყოფებოდა. მას პადუას პოლიცია 20 ნოემბრიდან ეძებდა. როგორც today.it წერს, გოდოლაძის მეგობრებმა წუხილი გამოთქვეს, რომ ახალგაზრდა აღარ დაბრუნდა  საერთო საცხოვრებელ ბინაში, სადაც ტელეფონი და პასპორტი დატოვა. ამავე გამოცემის ინფორმაციით, პოლიცია მიიჩნევს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.

კარლო გოდოლაძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ილიაუნის განცხადებით, მათ გუნდს გამოაკლდა ერთ–ერთი საუკეთესო პროფესიონალი და მეგობარი:

“კარლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი იყო. წვლილი, რომელიც მან სამართლის სკოლისა და ცენტრის წარმატებულ მუშაობაში შეიტანა, ძალიან დიდია. დიდხანს გაგვყვება მოგონებები, რომლებიც ყველას გვაკავშირებს კარლოსთან. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ კარლოს ოჯახს და მეგობრებს.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.