ახალი ამბებიხელოვნება

ქუთაისში ლგბტქი უფლებებზე გამოფენის გამართვა ორგანიზატორს თავის სახლში მოუხდა

1 დეკემბერი, 2016 • 3561
ქუთაისში ლგბტქი უფლებებზე გამოფენის გამართვა ორგანიზატორს თავის სახლში მოუხდა

30 ნოემბერს ქუთაისში ლგბტქი ადამიანთა ფოტოსურათების გამოფენა გაიმართა. ფოტოები თავად ერთ-ერთი ორგანიზატორის, მხატვარ ლია უკლებას სახლში გამოიფინა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქალაქში საგამოფენო სივრცის მოძიება ვერ შეძლეს, რადგან ყველა მათგანმა უარი განაცხადა. ლია უკლება ამბობს, რომ გალერეებისათვის გამოფენის თემატიკა მისაღებია, თუმცა საგამოფენო სივრცე ვერ დაუთმეს.

ორგანიზატორებმა სამ გალერეას და რამდენიმე კაფეს მიმართეს. მათ შორის იყვნენ ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა, გალერეა “ვარლა” და TBC არტის გალერეა.

“კაკაბაძის გალერეაში და “ვარლაში” გვითხრეს, რომ თავისუფალი სივრცეები არ ჰქონდათ. TBC-ის გალერეაში კი განგვიმარტეს, რომ მხოლოდ სოციალურ თემებს არ ეხებიან და საგანმანათებლო ან ბიზნესთემატიკაზე მართავენ გამოფენებს,” – ამბობს უკლება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას, რომლის დირექტორმა ელისო ჩოგოვაძემ განგვიცხადა, რომ გალერეა სხვა გამოფენისათვის ამზადებს სივრცეს, ამიტომ ვერ შეძლებდა გამოფენის გამართვას.

“მე არავისთვის არც თანხმობა მიმიცია და არც უარი მითქვამს. მე ვთქვი, რომ მზადდება გეგმური გამოფენა და დაკავებულია დარბაზი. დღეს შეუძლებელია გამოფენის გაკეთება, რადგან დაკავებულია. მე ვთქვი, რომ მობრძანდით და დეტალურად გავიაროთ საკითხი, ტელეფონით ასეთ საკითხებზე არ საუბრობენ,” – აცხადებს ჩოგოვაძე.

გალერეა “ვარლაში” ასევე გვითხრეს, რომ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის თვეში გალერეის საგამოფენო სივრცე სრულად დაკავებულია, ამიტომ ორგანიზატორებს მათთვის სასურველ დროს გალერეას ვერ დაუთმობდნენ:

“ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი ძალიან დაძაბული გრაფიკი. მათ უნდოდათ კონკრეტული დღე და რიცხვი. ჩვენ 25 ნოემბერს გავხსენით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მხატვარ გივი კაპანაძის საიუბილეო გამოფენა, რაც სულ მცირე 1 კვირით მაინც უნდა დარჩეს. ამის შემდეგ კი უკვე დაგეგმილია აჭარის მხატვართა კავშირის გამოფენა, რომელიც დარჩება ჩვენს დარბაზში 10 დღე. მერე კი ყოველწლიური ღონისძიება იწყება, ახალგაზრდა მხატვრების საახალწლო გამოფენა დაიკავებს სივრცეს. იმის თქმა, რომ ჩვენ არ დავუთმეთ სივრცე, არის არასწორი, პირიქით- ავუხსენით ყველაფერი. ჩვენი დიდი დარბაზია და მინიმუმ 60 ნამუშევარი მაინც უნდა გამოიფინოს, ამიტომ ერთი ან ორი დღე ასეთი გამოფენების მომზადებას არ ჰყოფნის,” – ამბობს გალერეის წარმოადგენელი იზა ქობულაძე.

ლია უკლებას თქმით, მის სახლში გამართულ გამოფენაზე გამოიტანეს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ცნობილი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი ადამიანების ფოტოები და ისტორიები, ასევე “ლგბტქი” აქტივიზმზე ფოტო და ვიდეომასალა. ასევე გამოიფინა ფოტოები მხატვარ ეთერ ჭკადუას პროექტიდან “ანონიმუსი”. გამოფენის მიზანი იყო,  მხარდაჭერა გამოეხატათ “ლგბტქი” საზოგადოების მიმართ. ღონისძიება შრომისა და განათლების ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი