პრეზიდენტი განახლებული თელავით კმაყოფილია

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 15 სექტემბერს განახლებული თელავი დაათვლიერა.

“რა სილამაზეა თვალებს არ ვუჯერებ. მთავარია ახლა ეს ყველა ოჯახს გადაედოს, რომ ყველამ ამის სარგებელი ნახოს. ტურიზმში, სოფლის მეურნეობასა და განათლების სფეროში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ეს არის სიცოცხლის შემომტანი და ეს  სიცოცხლე უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. მახსოვს 2006 წელს აქ გავხსენით შადრევანი და მაშინ პატარა შადრევანი უხაროდა ხალხს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ არქიტექტორებს და აღნიშნა, “ჩვენ რომ დავიწყეთ ამ ყველაფრის განახლება გვყავდა მარტო იტალიელი, იაპონელი, ამერიკელი, ინგლისელი არქიტექტორები, ახლა სულ ქართველები აშენებენ ყველგან ყველაფერს”.

პრეზიდენტი “ნადიკვარის” პარკსაც ესტუმრა. მისივე განცხადებით მსგავსი რეაბილიტაცია ხორციელდება და იგეგმება კახეთის რამდენიმე ქალაქში.

“ახლა უკვე ვაკეთებთ დედოპლისწყაროს, ყვარელს, ლაგოდეხში საინტერესო პროექტები კეთდება, ასევე ახმეტაში”, – ამბობს პრეზიდენტი.

ქალაქ თელავში რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. განახლდა ქალაქის ისტორიული ცენტრი, გაიხსნა იუსტიციის სახლი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge