ფილიპ დიმიტროვი ესწრება სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენციას, რომლის თემაა “საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები”.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოს წინასაარჩევნო გარემო ვრცლად შეაფასა. ფილიპ
დიმიტროვის თქმით, საქართველოში მსგავსი წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც მთელს ქვეყანას მოიცავს, არასდროს არ ყოფილა, რაც დადებითი ტენდენციაა.
“თუმცა, არსებობს პოლარიზაცია, რომელიც დიდ მასშტაბებს მოიცავს, მსგავს რამეს კი დადებითად ვერ შევაფასებ. ასეთი პოლარიზაცია დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება. ეს არის საშიში, რასაც მხოლოდ ემოციებისკენ მივყავართ, ხოლო, ვნებები და ემოციები ვერ ესადაგება დემოკრატიის იმ სტანდარტებსა და პრინციპებს, რომელიც ევროკავშირში არსებობს”, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა და დასძინა, რომ საქართველოში მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიაა ის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს. თუმცა, ევროკავშირის ელჩმა იმ ეჭვებსა და უნდობლობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ამ ინსტიტუტის მიმართ საქართველოში არსებობს.
“არსებობს რისკები, რომ თუ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ მოხდება მნიშვნელოვანი დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს არჩევნების იმიჯს სერიოზულად გამოუთხრის ძირს. ნებისმიერი პარტიის მხრიდან საარჩევნო დღეს გამოჩენილი “მეომრული” აქტივობა, შეიძლება, არჩევნების შედეგების რეპუტაციაზე ცუდად აისახოს, ეს კი დემოკრატიულ პროცესს ცუდ დღეში ჩააგდებს”, – განაცხადა ფილი დიმიტროვმა.