2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში შევიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პროექტით 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული:
“ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4 პროცენტია. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა არის 11, 5 მილიარდი ლარამდე. დაახლოებით 1,4 მილიარდი ლარით არის გაზრდილი წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. პრიორიტეტები გამომდინარეობს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმიდან და ამ გეგმაზეა აწყობილი. ”
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ვალის ზღვრული საპროგნოზო დაანგარიშებისას ლარის გაცვლით კურსი 2,5 არის:
“სესხების 75 პროცენტზე მეტი უცხოურ ვალუტაში გვაქვს. ამიტომ კურსის ცვლილება, ცხადია, მოქმედებს. თუმცა არ მოქმედებს მხოლოდ ლარის დოლართან ცვლილება. აქ რამდენიმე ძირითადი კურსი მოქმედებს, მათ შორის, რა კურსი იქნება დოლარსა და ევროს შორის. წარმოდგენილი ბიუჯეტით დაანგარიშება დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით, 2,5 ლარის ოდენობის კურსია ჩადებული. თუმცა შემოსავლები და ხარჯები დაანგარიშებულია ლარში.”
კაკაურიძის განმარტებით, 300 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება- 270 მილიონი ლარით, განათლების სამინისტროს დაფინანსება- 145 მილიონი ლარით, ხოლო ჯანდაცვის სამინსიტროს დაფინანსება- 257 მილიონი ლარით.
ბიუჯეტის ამ პროექტით 2017 წელს პენსია არ იზრდება:
“ჩვენ მომზადებული გვაქვს საპენსიო სისტემის რეფორმის ძირითადი პრინციპები და ამ პრინციპების თანახმად, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, არსებული ბენეფიციარებისთვის მოხდება პენსიების ინდექსაცია,” – აღნიშნავს კაკაურიძე.
2017 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს პარლამენტის ბიურო ხვალ, 30 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე დაარეგისტრირებს.
