ზაზა რუხაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის პოზიციის განხილვაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის ბიურომ დღეს, 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცნობად მიიღო.
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 5 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად ზაზა რუხაძე წარადგინა.
ზაზა რუხაძე დაიბადა 1963 წელს. დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი. არის სამართლის დოქტორი. გავლილი აქვს საკონსტიტუციო სამართლის კურსები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ზაზა რუხაძე 2005 წლიდან დღემდე საქმიანობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, არის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტი. 2007-2010 წლებში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1993-2005 წლებში იყო ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პროფესორი. 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. წლების განმავლობაში მონაწილეობდა საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიების მუშაობაში.
არის რამდენიმე მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი: „იურიდიული კლინიკის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ 2012; „დემოკრატია და მოქალაქეობა“ 2011; „ფედერალიზმის პერსპექტივები საქართველოში“ 2012; „საგადასახადო სამართალი“ 2013; „საკონსტიტუციო სისტემები და კონსტიტუციური პროცესები საქართველოში“ 2009; „სამართლის თეორია“ 2008; „ხელისუფლების ორგანიზაციის დემოკრატიზაცია“ 2003; „საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელო“ 2005; „საქართველოს კონსტიტუციური კანონის სახელმძღვანელო“ 1999. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
კანონის მიხედვით, პარლამენტს საკონსტიტუციოში ერთი მოსამართლის დანიშვნის უფლება აქვს.