ახალი ამბები

კატო მიქელაძის სახელობის პრემია სახალხო დამცველის მოადგილეს, ეკა სხილაძეს გადასცეს

29 ნოემბერი, 2016 •
კატო მიქელაძის სახელობის პრემია სახალხო დამცველის მოადგილეს, ეკა სხილაძეს გადასცეს

კატო მიქელაძის სახელობის პრემია სახალხო დამცველის მოადგილეს, ეკა სხილაძეს გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია დღეს, 29 ნოემბერს, “ფაბრიკაში” გაიმართა.

ეკა სხილაძე ფემინისტმა მხატვარმა და აქტივისტმა ლია უკლებამ წარადგინა, რომელიც ამავე პრემიის 2015 წლის ლაურეატია. საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს.

ეკა სხილაძე სახალხო დამცველის ოფისში წარმართავს, კოორდინაციას უწევს და ზედამხედველობს სახალხო დამცველის აპარატის შემდეგი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას: ბავშვის უფლებათა ცენტრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, თანასწორობის დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა აკადემია.

იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქალთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში.

პრემიის მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედური ქალთა ფონდის “კვინა ტილ კვინა” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა და ჰოლანდიური ქალთა ფონდი „მამა ქეში“.

კანდიდატების წარდგენა 2016 წლის 29 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე გაგრძელდა.

2013 წელს ქალთა ფონდმა საქართველოში დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს საქართველოში ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს გადაეცემა.

კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.

კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა, წახალისება.

2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2014 წელს კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი გახდა მარინა თაბუკაშვილი – ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი. 2015 წელს კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი გახდა ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი