ორგანიზაციის საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო დარღვევებმა ძალზედ იმატა:”რეალურად, როცა ვსაუბრობთ ამდენ დარღვევებზე ვერ ვიტყვით რომ საარჩევნო გარემო არის კონკურენტული. ჩვენ თუ შევადარებთ წინა არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს, ახლა ვნახავთ, რომ ამ არჩევნების წინა პერიოდში ეს მაჩვენებელი გაზრდილია. საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის კონკურენტული გარემო. “
კვლევის მიხედვით, ძირითადი პრობლემები საარჩევნო პერიოდში ეს არის სამართლებრივი რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით გამოყენება. კანონის დარღვევისთვის განხორციელებული სანქციების არაპროპორციულობა, ასევე შეჩევითი სამართალწარმოება, პარტიების შესახებ ინფორმაციის არასათანადო გავრცელება. რჩება ასევე უმთავრეს პრობლემად, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათვისუფლების ფაქტები. კერძოდ 2011 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის 45 ფაქტი არის გამოვლენილი ორგანიზაცია “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ. ასევე ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაშინების 12 ფაქტია.
ლევან ნატროშვილის განცხადებით, ერთერთ მთავარ პრობლემად ამ არჩევნებზე რჩება ის რომ საჯარო დაწესებულებებში ავალებენ დასაქმებულებს მიუტანონ, პარტიის მხარდამჭერთა 20 კაციანი სია.
ამ საკითხზე “ნეტგაზეთთან” კომენტარი თამარ კინწურაშვილმა გააკეთა, რომელიც პრეზენტაციას უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა: “ამ ფაქტებზე, არასამავრობო ორგანიზაციებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია. ჩვენ მოვთხოვეთ მათ, რომ დაესახელებინათ კონკრეტული გვარები: რომელ დაწესებულებაში და ვინ აძალებს დასაქმებულებს აღნიშნული სიების მიტანას. მათ ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებით. ჩვენ იმ შემთხვევაში მოვახდენთ რეაგირებას, თუ მოხდება კონკრეტული გვარების გადმოცემა. არსებობს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ მოვუწოდეთ ყველა სახელმწიფო დაწესებულებას რომ არ დაავალდებულონ თანამშრომლებს რომელიმე პარტიის მხარდამჭერი სიებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოტანა”.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”ანგარიში მოიცავს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას.