ახალი ამბები

პარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონპროექტის განხილვას გააგრძელებს

28 ნოემბერი, 2016 • 1464
პარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონპროექტის განხილვას გააგრძელებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გადაწყეტილებით, პარლამენტი იმ კანონპროექტის განხილვას გააგრძელებს, რომლის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით შესვლა ადმინსიტრაციული დარღვევა გახდება.

დღეს, 28 ნოემბერს, გამართულ სხდომაზე თავდაცვისა და და უშიშროების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია გააგრძელოს “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა.

კანონპროექტის თანახმად, რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი – ჯარიმა ამოქმედდება, სისხლისსამართლებრივი დევნა კი კანონის ხელმეორედ დარღვევისას დაიწყება. ცვლილების ინიციატორი რეინტეგრაციის სამინისტროა.  ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს ამ კანონპროექტის მიღების პროცედურის შეჩერების გამო:

“ევროპის საბჭო, ეუთო. არ ვიცი, თუ ვინმეს დასკვნა და რეკომენდაციები აქვს დაწერილი, საქართველოს აკრიტიკებს, რომ ამ კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. საუბარია არა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა მოეხსნას, არამედ იმაზეა საუბარი, რომ პირველ ჯერზე სისხლის სამართლის წესით არ დავსაჯოთ. ”

გიგა ბოკერიას განცხადებით, წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაფერი გააკეთა ამ კანონპროექტის დასაბლოკად. მისივე თქმით, წარმოდგენილი ინიციატივა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა:

“ძალიან ცუდია, რომ ამ საზიანო ინიციატივაზე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა უარს არ ამბობს. შეიძლება, ევროპელი პარტნიორების ნაწილს ათასგვარი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით და უსაფრთხოებით. ასოცირების ხელშეკრულება ამ ცვლილებას არ გვავალდებულებს. სხვადასხვა მოსაზრება უნდა შევაცვლევინოთ ევროპელ პარტნიორებს, როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება,” – აღნიშნავს ბოკერია.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი