ახალი ამბები

პავლე კუბლაშვილი: დადგა დრო, პოლიტიკიდან კერძო სექტორში გადავინაცვლო

28 ნოემბერი, 2016 • 1693
პავლე კუბლაშვილი: დადგა დრო, პოლიტიკიდან კერძო სექტორში გადავინაცვლო
პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა და სხვებთან ერთად ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” ჩამოაყალიბა, დღეს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა.
როგორ მისი ფეისბუკის პოსტიდან ირკვევა, 24 ნოემბერს დარეგისტრირდა მისი კომპანია “Key Points consalting”, რომლის  მიზანია იურიდიული კონსულტაციების, საადვოკატო მომსახურების გაწევა და ბიზნესინიციატივების ლობირება.

“არ ვაპირებ პარალურად საჯარო პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას. ეს ხელს შეუშლიდა ჩემს ახალ საქმიანობასაც და პარტიასაც. ამიერიდან ნებისმიერი საჯარო განცხადება ჩემი მხრიდან იქნება პირადად ჩემი პოზიცია და არა “გირჩის” ხედვა.

ვრჩები “გირჩის” რიგით მხარდამჭერად და ყოველთვის ვიქნები ზურა ჯაფარიძის და თითოეული გირჩელის გვერდით. ვრჩები იმ იდეების ერთგული, რასაც გირჩი ემსახურება და რასაც მარტივად ჰქვია – მეტი თავისუფლება.

98 წლიდან თითქმის უწყვეტად ვარ საჯარო სამსახურში, 2005 წლიდან ვიყავი პარლამენტის წევრი. დადგა დრო, როდესაც პოლიტიკიდან კერძო სექტორში უნდა გადავინაცვლო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ან ვისთან ოპონირებისას მიმიღია მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომელთა გარეშეც მე ვერ ვიქნებოდი საჯარო ფიგურა. შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში”, – წერს პავლე კუბლაშვილი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე აცხადებს. არჩევნების პირველივე ტურის დასრულებისთანავე ამის თაობაზე განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რასაც მოჰყვა ამ პარტიიდან სხვა ლიდერების წასვლაც. მოგვიანებით, რესპუბლიკური პარტია დატოვა დავით უსუფაშვილმა და რამდენიმე ლიდერმა, რომლებსაც ჯერ ახალი პოლიტიკური ძალა არ შეუქმნიათ. “ეროვნული ფორუმი” დატოვა გუბაზ სანიკიძემ, რომელსაც ასევე არ დაუწყია ჯერ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი