ახალი ამბები

გაჩეჩილაძის თქმით, 2017 წელს ლარის გამყარებაზე მიჯნის დაწესება გახდება საჭირო

26 ნოემბერი, 2016 • 3685
გაჩეჩილაძის თქმით, 2017 წელს ლარის გამყარებაზე მიჯნის დაწესება გახდება საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, 2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. “მწვანეთა პარტიის” ლიდერის, გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში განხორციეელებული ინვესტიციების შედეგად დოლარის დიდი მასა შემოვა:

“არსებული შეთანხმებების ფარგლებში, მომავალი წლიდან საქართველოში იგეგმება უმსხვილესი გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელების დაწყება. ენერგეტიკის სფეროში 3-მილიარდიანი ინვესტიციების შემოტანა; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში 3,5-მილიარდიანი ინვესტიცია; ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზა დასრულებულია, აბრეშუმის გზის გახსნის პერსპექტივა გაიხსნა და არის მონაცემები, რომ მომავალი წლიდან 150-მა ეშელონმა უნდა გაიაროს აბრეშუმის გზის საშუალებით. იწყება გაზსაცავის მშენებლობა, რომლის ღირებულება 200-300 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება; იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა, წინასწარი სამუშაოები ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. ამაზე მცირე პროექტებიც არსებობს.”

გია გაჩეჩილაძე დაინტერესდა, განსაზღრული აქვს თუ არა ხელისუფლებას ის მიჯნა, რომლის იქითაც ლარი აღარ უნდა გამყარდეს:

“ასეთი მასა დოლარისა, ინვესტიციისა, რომლის შემოსვლა საქართველოში მომავალი წლიდან დაიწყება, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ლარის კურსის ძალიან სწრაფი გამყარების მიმართულებით. მე მაინტერესებს, არის თუ არა განსაზღვრული მთავრობაში ის მიჯნა, ის კრიტერიუმი ან საზღვარი, რომლის ქვევით უკვე აღარ გამყარდება ლარი და ჩაერევა ეროვნული ბანკი ამ პროცესებში,” – იკითხა გია გაჩეჩილაძემ.

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის თმით, როცა ეროვნული ვალუტა ზომაზე მეტად მყარდება, ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას ყიდულობს:

“გაზაფხულზე გამყარების ტენდეცია გვქონდა. ეროვნული ბანკი ყოველთვის უყურებს შედარებით გაცვლით კურსს და იმას, სად არის რეალური გაცვლითი კურსი და როგორ არის მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში. როცა ჩვენი ვალუტა ზომაზე მეტად მყარდება, როგორც წესი, უცხოურ ვალუტას ყიდულობს ეროვნული ბანკი. წელს 280 მილიონი დოლარის შესყიდვა მოხდა და როდესაც ემოციური რყევებია, ასეთი რეზერვის გამოყენება ხდება, რომ მრუდი გასწორდეს და ემოციური რყევები არ იყოს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. შეფასების პროცედურები არსებობს და ზედმეტად რთულ პროცედურასთან არ გვაქვს საქმე. ასეთი პრეცედენტები არაერთხელ გვქონია,” – აღნიშნა კვირიკაშილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბერს დადგენილი ოფოციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5026 ლარია, ამგვარად ლარის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა. აქამდე ყველაზე მაღალი კურსი 2016 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ეროვნული ბანკის კურსით 2.49 ლარს გადააჭარბა.

2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ლარის კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი