ახალი ამბები

რომან გოცირიძე: ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა

26 ნოემბერი, 2016 • 2229
რომან გოცირიძე: ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა

დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს, ხელისუფლებამ “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა დაუჯეროს.

“ვეუბნებოდით, რომ ასეთი ბიუჯეტით, ასეთი არარაციონალური ხარჯით, ასეთი დეფიციტით, მივიღებდი იმას, რაც მივიღეთ. ლარმა მთავრობას ვერდიქტი გამოუტანა. ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა. ეს არის მათთვის განაჩენი. გამოსავლი არის იმაში, რომ უნდა დაგვიჯერონ ჩვენ. რასაც ვამბობთ და ვამბოდით, ეს იყო სწორი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, როცა პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვა, ხელისუფლებას ასწავლიან, რა როგორ გააკეთონ და  როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა:

“სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ეს არის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ისინი ვერ აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას. გამოსავლი არის ერთადერთი, უნდა დაგვიჯერონ ჩვენ. რასაც კრიტიკის და რჩევის სახით ვეუბნებით, უნდა მიიღონ. დაგვიჯერებენ და ქვეყანა წინ წავა.  ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ ლარს ვერ გამოვეკიდებითო. ვერ გამოეკიდებით ლარს, ლარი გამოგეკიდიებათ თვითონ თქვენ. დაგეწევათ და ეს იქნება ძალიან მწარე,”-აღნიშნა გოცირიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბერს დადგენილი ოფოციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5026 ლარია, ამგვარად ლარის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა.  აქამდე ყველაზე მაღალი კურსი 2016 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ეროვნული ბანკის კურსით 2.49 ლარს გადააჭარბა.

2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ლარის კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი