ახალი ამბები

განახლებული მთავრობისა და “ქართული ოცნების” სხდომა არ დახურულა

25 ნოემბერი, 2016 • 1162
განახლებული მთავრობისა და “ქართული ოცნების” სხდომა არ დახურულა

საპარლამენტო უმრავლესობისა და  მთავრობის განახლებული შემადგენლობის შეხვედრის დაწყებამდე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სხდომა დახურული იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით სხდომა გახსნეს  და პირდაპირი ეთერიც ჩაირთო.

ღია სხდომის ჩატარების გადაწყვეტამდე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის განახლებული შემადგენლობის შეხვედრა პოლიტიკური შოუ არ იქნებოდა. მისივე თქმით, არ იცის, ვინ იყო სხდომის დახურვის ინიციატორი:

“ეს [სხდომა] არ იქნება პოლიტიკური შოუ. ჩვენ რა კითხვებიც გვქონდა, კომიტეტების სხდომაზე დავსვით. ხვალ პლენარულ სხდომაზეც დავსვამთ იმ კითხვებს, რაც მართლა გვაინტერესებს. დღეს გვექნება საქმიანი დისკუსია, რაც შეიძლება, ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო არ იყოს.”

აკაკი ზოიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციამ ტრიბუნა პოლიტიკური შოუს მოსაწყობად გამოიყენა:

“ოპოზიციამ ეს ტრიბუნა გამოიყენა, მაგისთვის არის ოპოზიცია, რომ პოლიტიკური შოუ მოაწყოს და თავისი პოლიტიკური პოზიცია გააჟღეროს. მათი შეხვედრების ძირითადი დანიშნულება ეს იყო. ”

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დღეს, 25 ნოემბერს, უკვე მოუსმინა “პატრიოტთა ალიანსმა” და საპარლამენტო უმცირესობამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი